ჯგუფმა, რომელიც ზოგადი განათლების განვითარებისთვის შეიქმნა, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

პუბლიკა

განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით სამუშაო ჯგუფს გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი – ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს.

სამუშაო შეხვედრის ამსახველი ფოტოს მიხედვით, ჯგუფში 5 წევრია, მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე და ზოგადი განათლების მიმართულებით, მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ მახარაშვილი.

უწყების ცნობით, პირველ სამუშაო შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა დაიწყეს მსჯელობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. სამინისტროს ცნობით, უახლოეს დღეებში მინისტრი სამუშაო შეხვედრას საჯარო სკოლების მასწავლებლებთან გამართავს, რომლებთანაც სკოლებში არსებულ გამოწვევებს განიხილავს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.