„ჯვარი მოთხარეს“ | ნამახვანის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი

პუბლიკა

რიონის ხეობაში, იქ, სადაც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი, გუშინ დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მოსამზადებელი სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით. პოლიციამ ადგილობრივ მოსხალეობას კარვები ააღებინა, ასევე დააკავეს ერთი ადამიანი.

დღეს დილიდან ადგილზე კვლავ მობილიზებულია მოსახლეობა, რომელიც ჰესის მშენებლობას უკვე 98 დღეა რაც აპროტესტებს. მათი თქმით, დილით ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვარიც აღარ დახვდათ ტერიტორიაზე. ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ „ჯვარი მოთხარა“.

„რიონის ხეობის გადასარჩენად“- Facebook გვერდზე დილიდან რამდენიმე პირდაპირი ჩართვა ჰქონდა ერთ-ერთ აქტივისტს ვარლამ გოლეთიანს. მას ჩართვაში შსს-ს წარმომადგენელი ეუბნება, რომ ჯვარი წყალტუბოს მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს და ბაგრატის ტაძარში წაიღეს.

„გაგვიკეთეს საჩუქარი კვირა დილით, დაგვხვდა ჯვარი მოთხრილი. ველოდით ამას, გუშინ იმდენი ტექნიკა იყო აქ. რიონის ხეობა გაყიდეს, “- ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ნამახვანჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი  433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად,  გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.