კახაძე: მწეველების 86%-მა მადლობა გვითხრა ამ კანონის ამოქმედებისთვის

პუბლიკა

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ მსჯელობენ. კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარმა, ლადო კახაძემ დაგეგმილი ცვლილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წლებში თამბაქოს კონტროლის გამკაცრების შედეგი დადებითია და ყოველ წელს მწეველთა 1% სიგარეტის მოწევას თავს ანებებს.

„ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა მოქმედი კანონის თაობაზე. მწეველების 86.7 %-მა მადლობა გვითხრა და თანხმობა განგვიცხადა ამ კანონის მზრუნველობით ამოქმედებისთვის, მათივე ჩართულობით. 87% მე რომ ნიღბის ტარებასა და აცრაზე დავითანხმო, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მზაობა იქნება ჩვენს საზოგადოებაში. მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით და ის ვალდებულებები შევასრულოთ, რომელიც ამ ვირუსის აცილებაში მოგვეხმარება – ეს არის ნიღაბი და წესიერად ვატაროთ ის. ერთმანეთს ნუ მოვერიდებით და მივუთითოთ. ერთმანეთთან ძალიან ახლოს ნუ ვილაპარაკებთ. პირისპირ არა, განზე ელაპარაკეთ, მაგრამ აზრი აქეთ წამოვიდეს და ძალიან ბევრი ნუ შევიკრიბებით.“ – განაცხადა ლადო კახაძემ.

მისი თქმით, რეგულაციებმა მხოლოდ დადებითად იმოქმედა ბიზნესზე და ტურისტები მადლობას იხდიან, რომ დახურულ სივრცეში მოწევა აკრძალულია.

„ერთმა ჩემმა უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანმა, რომელიც ვერ გადავარწმუნე ნიკოტინის გადაგდებაზე, მითხრა ასეთი რამე – 360 ლარს ვხარჯავ თვეში თამბაქოზეო. გავაკეთებ ერთ ანალიზს, ეს პენსიაზე მეტია. 360 ლარით ვყიდულობთ სიკვდილს. ეს რომ გადავანაწილოთ ხაჭოზე, ვიტამინის შემცველ პროდუქტზე, ხილსა და სხვა პროდუქტზე.“ – განაცხადა ლადო კახაძემ. პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტით, თამბაქოს მოწევა ტაქსიშიც აიკრძალება. უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძისა და ლადო კახაძის მიერ ინიციირებული პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.