თამბაქოს მოწევა იკრძალება ტაქსისა და კატერში | კიდევ რა ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი

პუბლიკა

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, თამბაქოს მოწევა ტაქსიშიც აიკრძალება.  უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძისა და ლადო კახაძის მიერ ინიცირებული პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

გარდა ტაქსისა, მოწევა იკრძალება ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ ტერმინის განმარტება ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში იგულისხმება ტაქსი, აგრეთვე, ნებისმიერი სანაოსნო საშუალება. შესაბამისად, შესატანი ცვლილების თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება სხვა სატრანსპორტო საშულებებთან ერთად ტაქსისა და კატერში (ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში).

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსშიც. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

200-ლარიანი ჯარიმა გავრცელდება ასევე ტაქსისა და კატერის შემთხვევაშიც –  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის დროს.

ასევე, 50-ლარიანი ჯარიმა წესდება ავტომობილში მოწევაზე არასრულწლოვნის გადაყვანისას. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება. 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

ასევე, წესდება 5 000-ლარიანი ჯარიმა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამისთვის მასობრივი კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით (მათ შორის ინტერნეტით). 

აღნიშნული მუხლის დღეს მოქმედ რედაქციაში აღნიშნულია მხოლოდ მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი საშუალება.

კანონპროექტის ავტორები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და „თამბაქოს კონტროლის ალიანსი”.