ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის კონსტიტუციის შეცვლის გეგმები, რაც აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო გაფორმების წინაპირობაა, გაურკვეველია მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ან მისი შეცვლის მოთხოვნის უფლება აქვთ დეპუტატების, სულ მცირე, ერთ მესამედს, მთავრობას ან 200 ათას ამომრჩეველს.
თუმცა ნებისმიერი საკონსტიტუციო პროექტი საბოლოოდ მაინც პარლამენტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს, რადგან რეფერენდუმის დანიშვნაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პარლამენტი იღებს.
როგორც კონსტიტუცია განსაზღვრავს, პარლამენტმა „რეფერენდუმზე კანონპროექტის გატანის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით“.
თუმცა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“, ვერ მოიპოვა იმ რაოდენობის მანდატი, რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რომ არის საჭირო, კერძოდ – მანდატების ორი მესამედი.
წინასწარი შედეგების თანახმად, მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ პარლამენტში 64 მანდატს მიიღებს, „ძლიერი სომხეთი“ – 29-ს, ხოლო „სომხეთის ალიანსი“ – 12-ს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ზოგიერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენებს ხელახლა ითვლის, არჩევნების საბოლოო შედეგებს, სავარაუდოდ, 14 ივნისს გამოაქვეყნებს.
„ჩვენ შევაფასებთ ვითარებას, განვიხილავთ მას და გამოვიტანთ დასკვნებს“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა 11 ივნისს პასუხად შეკითხვაზე, რჩება თუ არა საკონსტიტუციო რეფორმა დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ პარლამენტში მანდატების უმრავლესობა ვერ მოიპოვა ან არსებობს თუ არა რეფერენდუმის გამართვის სხვა გზები.

ნიკოლ ფაშინიანი ხმის მიცემის დროს. 2026 წლის 7 ივნისი. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

კომისია ითვლის ხმებს 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media
ფაშინიანმა და მისმა პარტიამ მანამდე განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმს გეგმავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლება ოფიციალურად ადასტურებს კონსტიტუციის შეცვლის სურვილს, ისინი ამტკიცებენ, რომ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მოთხოვნებით არ არის განპირობებული.
აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაერთხელ თქვეს, რომ სომხეთის კონსტიტუცია შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და მისი შეცვლა მოითხოვეს.
აზერბაიჯანი მოითხოვს, სომხეთმა შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში, რათა სამუდამოდ აღმოფხვრას ყველა იმპლიციტური ტერიტორიული პრეტენზია მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.
სწორედ ეს საკითხი სახელდება ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ხელმოწერის გზაზე, რომლის ტექსტიც 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში იქნა პარაფირებული.
სომხეთის კონსტიტუცია ეყრდნობა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელშიც, თავის მხრივ, ნათქვამია, რომ დეკლარაცია ეფუძნებოდა საბჭოთა სომხეთის უზენაესი საბჭოსა და მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოს ერთობლივ გადაწყვეტილებას ორი ტერიტორიის „გაერთიანების“ შესახებ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში სომხეთის იუსტიციის მინისტრმა, სრბუჰი გალიანმა თავი აარიდა შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება მოქმედებას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული პროცედურებით საჭიროა საპარლამენტო ხმების ორი მესამედი, „რეფერენდუმის გამართვის უფლება ასევე არის პირდაპირი უფლება, რომელიც ხალხს ეკუთვნის“.
მოქმედი კონსტიტუციის თანაავტორმა ვარდან პოღოსიანმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, წამოაყენონ შესაბამისი ინიციატივა, თუმცა რეფერენდუმის დანიშვნის დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა ორი მესამედის თანხმობაა საჭირო.
„პარლამენტის გვერდის ავლის გზა არ არსებობს. ნებისმიერი სხვა ვარიანტი უკანონო იქნება“, – განაცხადა პოღოსიანმა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.