კალაძე „კამაზებზე": მერიას უფლება არ აქვს, განსაზღვროს, რომელი ქვეყნიდან უნდა იყოს ტექნიკა

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ტენდერებს კანონით გათვალისწინებული წესით აცხადებს და არ აქვს უფლება, ტენდერის მონაწილეები რაიმე ნიშნით შეზღუდოს.

საუბარია „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ, ქუჩების მორეცხვის მიზნით შესყიდულ „კამაზის“ მარკის ავტომანქანებზე.

„თბილისის მერია არ განსაზღვრავს, რომელი კომპანიიდან უნდა იყოს შესყიდული ტექნიკა და არანაირი უფლება არ აქვს, კანონით განსაზღვროს, რომელი ქვეყნიდან ან რომელი ფირმის უნდა იყოს ტექნიკა. თბილისის მერია აცხადებს შესაბამის ტენდერს, რომელიც არის კანონით გაწერილი. თუ რაიმე პრობლემა არსებობს, აღნიშნულ კომპანიებს ვერ ექნებათ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ეს შეიძლება იყოს ქართული კომპანია ან უცხოური“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


„თბილსერვის ჯგუფმა“ КАМАЗ-ის მარკის 10 სპეცმანქანა შეისყიდა და მათში 4.5 მილიონამდე ლარი გადაიხადა.