საკონსტიტუციო სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე დაინიშნა. გოგა კიკილაშვილი – პრეზიდენტის კვოტით, ხოლო სერგო მეთოფიშვილი – უზენაესი სასამართლოს პლენუმის კვოტით.
კიკლაშვილი გიორგი კვერენჩხილაძეს ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება. 2 ნოემბერს კი უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურება თეიმურაზ ტუღუშს, რომელსაც მეთოფიშვილი ჩაანაცვლებს.
ვინ არიან ახალდანიშნული მოსამართლეები
გოგა კიკილაშვილი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.
მამა, ხვიჩა კიკილაშვილი 2020 წელს დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა თანამდებობა 5 წლით ადრე, 2025 წლის მარტში დატოვა. ამ პერიოდში უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას.
მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მიერ დანიშნული წევრი იყო, ხვიჩა კიკილაშვილი კი – უზენაესი სასამართლოს. პარლამენტი საკონსტიტუციოში ტურავას შემცვლელის არჩევას ვერ ახერხებს, რადგან საკმარისი (90) ხმა არ აქვს.
უზენაესმა სასამართლომ კი ხვიჩა კიკილაშვილის ადგილზე რევაზ ნადარაია დანიშნა, რომელიც საკონსტიტუციოს თავმჯდომარე გახდა.
გოგა კიკილაშვილი განათლებით იურისტია. ის აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას. 2019-23 წლებში იყო იურიდიული ფირმის დირექტორი, 2020-23 წლებში კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი. 2023 წლიდან კიკილაშვილი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
რაც შეეხება სერგო მეთოფიშვილს, ის მოაზრებულია გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრად, რომლის არსებობის შესახებ არასამთავრობო სექტორი, იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრები და ოპოზიციური პარტიები აქტიურად საუბრობენ.
მეთოფიშვილის საჯარო გამოსვლებიდან აღსანიშნავნია მისი დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი განცხადებები იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიმართ. გარდა ამისა, მეთოფიშვილი აკრიტიკებდა და პოლიტიზირებულს უწოდებდა არასამთავრობო სექტორს (მაგალითად, ეკა გიგაურს) და სასამართლოს არსებული სისტემის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებს, მათ შორის, აკრიტიკებდა ეკა ბესელიასაც.
მეთოფიშვილი ეწინააღმდეგება „ვეტინგს“. 2024 წელს მან განაცხადა, რომ ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას.
2024 წელს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო. სასამართლომ მეთოფიშვილის ქონების დეკლარაციის გადამოწმება შეაჩერა.