მეთოფიშვილი „ვეტინგის“ მომხრე მოსამართლეებს აკრიტიკებს და წერს, რომ მის შემოღებას შეეწინააღმდეგება

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც იყო, სოცალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება ე.წ. ვეტინგზე კოლეგების განცხადებებს და  მათ არაკოლეგიალურს და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის აშკარა საფრთხის შემცველს უწოდებს.

მეთოფიშვილი ეყრდნობა „სასამართლო გუშაგის“ ინფორმაციას, ვისზე შეიძლება გავრცელდეს ვეტინგი და წერს, რომ ამ სიაში არაა არც ერთი ის მოსამართლე, ვინც ვეტინგს დაუჭირა მხარი, მათ შორის, არც უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები.

„შესაბამისად, გამოდის, რომ:

ა) აღნიშნული რამდენიმე მოსამართლე ემხრობა – ე.წ. ვეტინგი გავრცელდეს მათ 57 კოლეგაზე; ამით ისინი ავტომატურად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ამ 57 მოსამართლის არაკეთილსინდისიერება მინიმუმ საეჭვოა და გადამოწმებას ექვემდებარება უცხოელების მიერ. ეს პოზიცია უკვე არის უკიდურესად არაკოლეგიალური და პროფესიული ღირსების შემლახავი.

ბ) აღნიშნული რამდენიმე მოსამართლე ამ განცხადებით მწვანე შუქს უნთებს ე.წ. ვეტინგის გავრცელებას – არამარტო ჯერჯერობით უცხოელების მიერ სუბიექტური ნიშნით მიზანში ამოღებულ 57 მოსამართლეზე, არამედ მიესალმება ამ პროცედურის დაწყებას მთელი სასამართლო სისტემის მიმართ, ვითომ თავიანთი პირადი მზაობის მოშველიებით, რისი არავითარი საფუძველი, ე.წ. ვეტინგის თავგადადებულ მომხრეებისა და ინიციატორების მიერ გაჟღერებული მოსაზრებების მიხედვითაც კი, ფორმალურად არ არსებობს! ანუ, ეს მოსამართლეები ერთის მხრივ მათი კოლეგების გადამოწმების მოთხოვნას მიესალამებიან, ხოლო მეორეს მხრივ ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს მოითხოვეს სასამართლო სისტემის მიმართ საკუთარი ტენდენციურობით გამორჩეულმა სუბიექტებმაც კი და შესაბამისად მთელი სასამართლო კორპუსის, უცხოელების ვეტინგის „წნეხის“ ქვეშ გატარებას მოითხოვენ.

ცნობილია, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურით მოსამართლეები უნდა შემოწმდნენ მათი ,,ქონების, პროფესიონალიზმისა და პიროვნულ-პროფესიული წესიერების“ მიხედვით. ამდენად, საუბარია არა მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის შესწავლაზე; შემოწმება მოიცავს ასევე სამოსამართლო საქმიანობის სხვა ასპექტებსაც კვალიფიციურობის, მოწესრიგებულობის გადამოწმებას (მათ შორის – საქმეთა განხილვისას საპროცესო ვადების დაცვის საკითხებსაც!), რის შედეგადაც, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ საქმეთა სიმრავლის პირობებში, საკმაოდ ადვილი იქნება – ნებისმიერ, ე.წ. ვეტინგის ჩამტარებელი სუბიექტისათვის არასასურველ მოსამართლეს შეუქმნან პრობლემები ამ თვალსაზრისით, იმის მიუხედავადაც, რომ საპროცესო ვადების დაცვა ობიექტურად არის შეუძლებელი. ე.წ. ვეტინგის ინიციატორთათვის და განმახორციელებელთათვისაც ობიექტურობა ხომ მეასეხარისხოვანია, მთავარია – მიღწეულ იქნეს სასამართლოს ხელისუფლების დაშინების, მასზე ანგარიშსწორების და დამორჩილების მიზანი, რაც მიიღწევა მოსამართლეთა მასობრივი წმენდის განხორციელებით.

საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი: უზენაესი სასამართლოს სწორედ ზემოთ ხსენებული 2 მოსამართლის (ბაქაქურის, გასიტაშვილის) მიმართ გაიცა აშშ-ის საელჩოსგანაც და ევროპული სტრუქტურებისგანაც უპრეცედენტო, კონსტიტუციის საწინააღმდეგო რეკომენდაცია მათი თანამდებობებზე ყოველგვარი კონკურსის გარეშე პირდაპირ უვადოდ გადანიშვნის თაობაზე, მაშინ როდესაც იმავე აშშ-ს და ევროსტრუქტურების მოთხოვნით საქართველში დაინერგა აქამდე უპრეცედენტო, უმაღლესი სტანდარტის ურთულესი პროცედურა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გასამწესებლად. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი,რომ როგორც უკვე აღინიშნა, უზენაესი სასამართლოს ყველა დანარჩენი მოსამართლისგან განსხვავებით, ეს 2 მოსამართლე ე.წ. ვეტინგის სიაშიც არ შეიყვანეს!

კიდევ უფრო საგულისხმოა ერთი გარემოება: ნინო ბაქაქურს სამოსამართლეო 10 წლიანი ვადა ეწურება დაახლოებით 7 თვეში და შესაბამის ვაკანსიაზე ამჟამად გამოცხადებულ კონკურსში იგი აღარ ღებულობს მონაწილეობას და შესაბამისად დარჩენილი რამდენიმეთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს თანამდებობას და რა ვეტინგზე საუბრობს საკუთარ თავთან მიმართებით, მეტად საინტერესოა?“, – წერს ის.

მოსამართლე ასევე მიმოიხილავს ალბანეთსა და უკრაინაში ვეტინგის შედეგებს და ასკვნის, რომ პროცედურამ ორივე ქვეყანაში კრიზისი შექმნა. მეთოფიშვილი წერს, რომ ის და მისი კოლეგები საქართველოში ვეტინგის დანერგვას შეეწინააღმდეგებიან.

„2025 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში უქმდება მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა (და შესაბამისად შემდეგი წლიდან ყველა მოსამართლე უვადოდ გამწესდება საპენსიო ასაკამდე, გამოსაცდელი ვადის გარეშე) რაც აშშ-ს და ევროკავშირის კატეგორიული მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში, ვინაიდან მათი მოსაზრებით გამოსაცდელი ვადა ზღუდავდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. ეხლა კი იგივე სუბიექტები ითხოვენ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სრულ, ხელახალ შემოწმებას, რაც თითოეულ მათგანს თავის დროზე გავლილი აქვს. ამდენად, ასე პერიოდულობით იგივე წარმატებით შეიძლება ვეტინგის მოთხოვნა როცა მავანს მოესურვება, რაც ცალსახად სასამართლო სისტემის და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შემლახველ აშკარა მოდელს შექმნის. ამ ლოგიკით ბარემ ვეტინგის მომხრეებმა მოითხოვონ, რომ ჩაიწეროს პირდაპირ კანონში, რომ როდესაც მათ (აქაურ არასამთავრობოებს და რიგ დონორებს) მოესურვებათ სასამართლო სისტემაში ჩატარდეს ე.წ. ვეტინგი ანუ გახსნილად გამოცხადდეს „მოსამართლეებზე ნადირობის სეზონი“. და ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ძალიან მწარე გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას იმ „არაოფიციალური ვეტინგის“, რომელიც სასამართლო სისტემაში 2004-2005 წლებში ჩატარდა და მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა განდევნილ იქნა სისტემიდან, მაშინაც სწორედ „სასამართლოს გაჯანსაღების“ ლოზუნგის საფარქვეშ.

დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ მე და ჩემი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, მთელი ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმებით, ბოლომდე შევეწინააღმდეგებით ე.წ. ვეტინგის შემოღებას საქართველოში, არა იმის გამო, რომ რაიმე სახის შემოწმების გვეშინია, როგორც ამას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ სახავენ ჩვენი მოწინააღმდეგენი, არამედ ე.წ. ვეტინგის ზემოთ აღწერილი უკიდურესად უხეში, არალეგიტიმური ფორმის, ასევე – სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის და ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავი ეფექტის გამო”, – წერს მეთოფიშვილი.


ე.წ. ვეტინგს ამ ეტაპზე საჯაროდ 10-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ – ნინო ბაქაქურმა და ეკა გასიტაშვილმა, ტყიბულის მაგისტრანტი სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლეებმა გიორგი ებანოიძემ, თამარ ხაჟომიამ, ეკა არეშიძემ და მადონა მაისურაძემ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაძემ, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა.

სერგო მეთოფიშვილი ერთ-ერთი მოსამართლეა, იმ „სასამართლო კლანიდან“, რომლის არსებობის შესახებ არასამთავრობო სექტორი, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და ოპოზიციური პარტიები აქტიურად საუბრობენ. „სასამართლო გუშაგის“ თავმჯდომარის, ნაზი ჯანეზაშვილის ცნობით, ე.წ. ვეტინგი სერგო მეთოფიშვილზეც გავრცელდება.

სერგო მეთოფიშვილის საჯარო გამოსვლებიდან აღსანიშნავნია მისი დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი განცხადებები, განსაკუთრებით საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილისა და საბჭოში მისი ყოფნის დროს, ანა დოლიძის მიმართ. გარდა ამისა, მეთოფიშვილი აკრიტიკებს და პოლიტიზირებულს უწოდებს არასამთავრობო სექტორს (მაგალითად, ეკა გიგაურს) და სასამართლოს არსებული სისტემის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებს, მათ შორის, აკრიტიკებდა ეკა ბესელიასაც.