რას წერს მოსამართლე კვერენჩხილაძე პროტესტისთვის გათვალისწინებულ პატიმრობასა და „მსუსხავი ეფექტის“ შესახებ

პუბლიკა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კვერენჩხილაძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში პროტესტის შემზღუდავ ჩანაწერებთან დაკავშირებულ სარჩელებზე განსხვავებული აზრი წარმოადგინა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეების სახელით რამდენიმე სარჩელია შესული.

მოქალაქეები ასაჩივრებენ ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილს, რომლითაც გზის და ტროტუარის ხელოვნურად გადაკეტვასა და აქციაზე ნიღბით მისვლაზე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ჩანაწერს, რომელიც ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში პასუხისმგებლობას იწვევს.

მოქალაქეები სარჩელებით ასევე მოითხოვდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ნორმების მოქმედება შეეჩერებინა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სწორედ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარმოადგინა მოსამართლე კვერენჩხილაძემ განსხვავებული აზრი.

მან თავისი მსჯელობა 5 სხვადასხვა სარჩელს დაურთო. ეს სარჩელებია:

  1. კახა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ;
  2. სანდრო მირცხულავა პარლამენტისა და შსს-ს წინააღმდეგ;
  3. ზურაბ ცეცხლაძე პარლამენტის წინააღმდეგ;
  4. ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია პარლამენტის წინააღმდეგ;
  5. ლევან ჟვანია პარლამენტის წინააღმდეგ.

საკონსტიტუციო სარჩელებში მოსარჩელეები ძირითადად მიიჩნევენ, რომ ეს ნორმები ბლანკეტურად და არაპროპორციულად ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას, იწვევს საზოგადოებაში „მსუსხავ ეფექტს“ და არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს.

სანდრო მირცხულავას სარჩელის მაგალითზე განვიხილავთ, რას წერს გიორგი კვერენჩხილაძე განსხვავებულ აზრში.

კვერენჩხილაძე მოკლედ აჯამებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველს, რატომ არ შეაჩერეს სადავო ნორმის მოქმედება.

მისი თქმით, კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ პატიმრობა არ არის გამოუსწორებელი ზიანი – თუ ნორმა მოგვიანებით არაკონსტიტუციური გახდება, პატიმრობის სამართლებრივი შედეგები გაუქმდება და განაჩენი გადაისინჯება; მოსამართლეებმა ასევე მიიჩნიეს, რომ სადავო წესები არ კრძალავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ მხოლოდ განსაზღვრავს განხორციელების წესებს და დარღვევისათვის პასუხისმგებლობას; ასევე სასამართლომ მიიჩნია, რომ პირს პატიმრობის მოხდის შემდეგაც შეუძლია ისარგებლოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით კანონის დაცვით, შესაბამისად, რეალური გამოუსწორებელი საფრთხე არ არსებობს.

გიორგი კვერენჩხილაძე კოლეგების ამ მსჯელობას არ იზიარებს.

კვერენჩხილაძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეში მექანიკურად გამოიყენა საკუთარი წინა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობა ან უკვე აღკვეთილი თავისუფლება, თავისთავად, გამოუსწორებელ ზიანად არ მიიჩნევა.

მისი თქმით, ამ საქმის სპეციფიკა განსხვავებულია, რადგან პატიმრობა აქ მხოლოდ პირადი თავისუფლების შემზღუდავი სანქცია არ არის – ის პირდაპირ მოქმედებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე და ამ უფლებების განხორციელების შეკავების „რეალური და მძლავრი პოტენციალი“ აქვს.

მოსამართლის აზრით, სასამართლოს არ უნდა შეეფასებინა მხოლოდ ის, შესაძლებელია თუ არა მომავალში უკანონოდ შეფარდებული სასჯელის სამართლებრივი შედეგების აღმოფხვრა. მისი თქმით, თუ ადამიანს კონკრეტულ დროს პროტესტში მონაწილეობის ან საკუთარი მოსაზრების გამოხატვისგან პატიმრობის საფრთხე შეაკავებს, მოგვიანებით ამ შესაძლებლობის დაბრუნება შეუძლებელია.

„არარეალისტურია მოლოდინი, რომ თავისუფლების შეზღუდვის რისკის მიუხედავად, პირი თავს არ შეიკავებს შეკრებაში მონაწილეობისგან ან საკუთარი მოსაზრების გამოხატვისგან მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მომავალში, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, განაჩენის გადასინჯვა იქნება შესაძლებელი“, – წერს კვერენჩხილაძე.

მისი შეფასებით, იგივე პრობლემა არსებობს ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებითაც. კვერენჩხილაძე აკრიტიკებს სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც 15- ან 20-დღიანი პატიმრობა სისხლისსამართლებრივ თავისუფლების აღკვეთაზე ნაკლებად ინტენსიური ღონისძიებაა და ამიტომ მით უფრო არ ქმნის გამოუსწორებელი ზიანის საფრთხეს.

კვერენჩხილაძის თქმით, ზიანის ინტენსივობა მხოლოდ პატიმრობის დღეების რაოდენობით ვერ განისაზღვრება. გადამწყვეტია ისიც, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა ამ შემთხვევაში სწორედ შეკრებისა და გამოხატვის პროცესში განხორციელებული ქმედებისთვის გამოიყენება. ამასთან, სისხლის სამართლისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული პატიმრობის უკვე დამდგარი შედეგების გადასინჯვისა და აღმოფხვრის ანალოგიური სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

კვერენჩხილაძე ასევე წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოუსწორებელი ზიანი ფაქტობრივად მხოლოდ იმ შემთხვევასთან დააკავშირა, როდესაც ადამიანს უფლების განხორციელება სრულად ერთმევა. მისი აზრით, ეს მიდგომა ზედმეტად ავიწროებს გამოუსწორებელი ზიანის ცნებას.

მოსამართლის განმარტებით, შეკრებისა და გამოხატვის უფლებების ეფექტიანობა კონკრეტულ დროს, ადგილსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტექსტზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ადამიანს მომავალში კვლავ ექნება შეკრებისა თუ გამოხატვის უფლებით სარგებლობის ფორმალური შესაძლებლობა, ყოველთვის ვერ აანაზღაურებს იმ კონკრეტული შესაძლებლობის დაკარგვას, რომელიც მან სანქციის შიშის გამო ვერ გამოიყენა.

„რაც შეეხება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობისგან თავის შეკავებით გამოწვეულ ზიანს, ვფიქრობ, მსგავსი ზიანი, თავისი ბუნებით, ვერ ექვემდებარება შემდგომ სრულ აღდგენას. აღნიშნული უფლებები არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდის მიერ საკუთარი შეხედულებების აბსტრაქტულ ან მომავალში გამოხატვის შესაძლებლობას, არამედ მათი კონსტიტუციური ღირებულება, არსებითად, სწორედ კონკრეტულ დროს, ადგილსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტექსტში განხორციელების შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული. ამ გარემოებათა ერთობლიობა განსაზღვრავს, მათ შორის, პოლიტიკური პროტესტის, საჯარო დისკუსიისა და კოლექტიური გამოხატვის რეალურ მნიშვნელობას.

შესაბამისად, თუ პირს ადმინისტრაციული პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის საფრთხე განგრძობითად აიძულებს, უარი თქვას კონკრეტულ შეკრებაში მონაწილეობაზე ან საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვაზე, აღნიშნული შესაძლებლობა შემდგომ ვეღარ აღდგება. მოგვიანებით ჩატარებული შეკრება ან იმავე საკითხზე სხვა დროს გამოხატული პოზიცია ვერ ჩაანაცვლებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენაზე, სახელმწიფო გადაწყვეტილებასა თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე დროული რეაგირების შესაძლებლობას“, – წერს მოსამართლე.

კვერენჩხილაძე განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია სადავო რეგულაციების შესაძლო „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე.

მისი თქმით, პატიმრობის საფრთხემ შეიძლება მოქალაქე არა მხოლოდ უკვე განხორციელებული ქმედებისთვის დასაჯოს, არამედ გადააფიქრებინოს პროტესტში მონაწილეობა ან საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა. სწორედ ეს ეფექტი შეიძლება წარმოადგენდეს ისეთ შეუქცევად შედეგს, რომლის გამოსწორებაც ნორმის მომავალში არაკონსტიტუციურად ცნობით ვეღარ მოხდება.

განსხვავებულ აზრში მოსამართლე ასევე ამახვილებს ყურადღებას სადავო ქმედებების ხასიათზე.

მისი შეფასებით, სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა ან ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნა შესაძლოა სხვა ადამიანების გადაადგილების დროებით შეფერხებას იწვევდეს, თუმცა ეს ქმედებები თავისთავად არ არის დაკავშირებული ძალადობასთან, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფასთან ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის აშკარა და უშუალო საფრთხის შექმნასთან.

ამასთან, კვერენჩხილაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა ასეთი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ფორმები – ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა – დააწესა, თანაც არასაპატიმრო ალტერნატივის გარეშე.

მისი აზრით, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროპორციულობის საკითხიც: სახელმწიფოს უფლება აქვს დაიცვას ადამიანების გადაადგილების თავისუფლება და საზოგადოებრივი წესრიგი, თუმცა სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რამდენად აუცილებელია ამისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

მოსამართლე აღნიშნავს, რომ ადამიანების გადაადგილების დროებითი შეფერხება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მრავალი მიზეზით ხდება – მაგალითად, პარკირების, სამშენებლო ან კომერციული საქმიანობის გამო – თუმცა ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო თავისუფლების აღკვეთას დაცვის აუცილებელ მექანიზმად არ მიიჩნევს.

„ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხალხის გადაადგილების დროებითი შეფერხება შესაძლოა, მრავალი სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის, საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევით, კომერციული, სამშენებლო საქმიანობებითა თუ სხვა გარემოებებით. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს გადაადგილების თავისუფლების გარკვეული ხარისხით შეზღუდვას, სახელმწიფოს არც ერთ ვითარებაში არ მიუჩნევია თავისუფლების აღკვეთა მსგავსი ინტერესის დაცვის აუცილებელ სამართლებრივ მექანიზმად და, ზოგადადაც, ქვეითად გადაადგილების თავისუფლების დროებითი შეზღუდვა არ წარმოადგენს ისეთ ინტერესს, რომლის დაცვისათვისაც, დემოკრატიული სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემაში, ჩვეულებრივ, თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება.

ამ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეკისრებოდა ვალდებულება, შეემოწმებინა, რატომ იყო აუცილებელი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების ფარგლებში განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქმედებებისათვის საპატიმრო სანქციების გათვალისწინება ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების თავისუფლების დაცვისთვის. ამგვარად, მართალია, არ უარვყოფ, რომ ქვეითთა გადაადგილების დროებითი შეფერხების პრევენცია შეიძლება იყოს სახელმწიფოს ლეგიტიმური რეგულირების საგანი, თუმცა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული გარემოება, თავისთავად, არ სცემს პასუხს კითხვას, რატომ არის ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნის თავიდან აცილებისათვის საჭირო თავისუფლების აღკვეთა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეფერხება წარმოიშობა მშვიდობიანი და არაძალადობრივი შეკრების კონტექსტში“, – წერს მოსამართლე.

კვერენჩხილაძე ასევე მიუთითებს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას და ისეთ ქმედებებს, რომლებიც ძალადობას, კონსტიტუციური წესრიგის დამხობისკენ მოწოდებას, იარაღის გამოყენებას ან სხვა აშკარა და სერიოზულ საფრთხეს უკავშირდება.

საბოლოოდ, მოსამართლის პოზიციაა, რომ ამ საქმეში სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა არა მხოლოდ ის, შესაძლებელია თუ არა მომავალში თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი შედეგების გაუქმება, არამედ ის, თუ როგორ მოქმედებს პატიმრობის საფრთხე უშუალოდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე. სწორედ ამ კონტექსტში მიიჩნევს ის, რომ სადავო ნორმების მოქმედებამ შეიძლება ისეთი გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს, რომლის თავიდან აცილებაც ნორმების დროებით შეჩერებით იყო შესაძლებელი.


საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიაში შედიან გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე და გიორგი კვერენჩხილაძე.