კალაძე: რაც მოხდა უკავშირდება ეძგვერაძის წარსულს, მე და კოტე ზარნაძეს აღნიშნულ ჩხუბთან კავშირი არ გვაქვს

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე ენმ-ს საკრებულოს წევრ, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ამბობს, რომ ეს უკავშირდება ეძგვერაძის წარსულს და მომხდარ ჩხუბთან და დაპირსპირებასთან მას და კოტე ზარნაძეს კავშირი არ აქვთ.

„ყველაფერი რაც მოხდა, უკავშირდება ეძგვერაძეს და მის წარსულს. ის იყო კრიმინალი, უნდოდა „ქურდობა”, არ გამოუვიდა, არ ვიცი მიზეზები, რატომ, ქუჩის ბიჭობდა. ეძგვერაძე მელიას დასაყრდენი იყო გლდანში, ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა…

მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ადამიანებად… შესაბამისად, არც კოტე ზარნაძეა რაიმე კავშირში აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და, რა თქმა უნდა, არც მე”, – თქვა კალაძემ.

ორი დღის წინ, ენმ-ს საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. მანამდე იყო დაპირისპირება თბილისის საკრებულოში ეძგვერაძესა და კოტე ზარნაძეს შორის. ეძგვერაძემ თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ ეს იყო საკრებულოში დაწყებული დაპირისპირების გაგრძელება და თავს დაესხნენ სწორედ კოტე ზარნაძის დაკვეთით, ზარნაძის გარემოცვის წევრები.

კოტე ზარნაძემ ბრალდებებ უარყო და თქვა, რომ არაფერი იცოდა ეძგვერაძეზე თავდასხმის შესახებ და „ცხოვრებაში არ უჩხუბია”.

შსს-მ კი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო. დაკავებულია 6 პირი.

ეძგვერაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, გლდანში მივიდნენ ენმ-ს წევრები. სამართალდამცველებმა დაპირისპირების დროს ენმ-ს წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციელებისთვის წინააღდმეგობის გაწევის გამო დააკავეს.