თბილისის მოქმედი მერის და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, თბილისის სატელევიზიო ანძის განვითარების პროექტს იწყებენ. კერძოდ, კალაძე ამბობს, რომ ანძის ქვედა ნაწილში მოეწყობა ვიზიტორთა თანამედროვე ცენტრი, ხოლო 70 მეტრ სიმაღლეზე პანორამული რესტორანი.
კახა კალაძე და „ქართული ოცნება“ ანძის განვითარების პროექტზე ჯერ კიდევ 2017 წლიდან საუბრობენ და მსგავსი დაპირება კალაძემ მაშინ საარჩევნო კამპანიისას გასცა.
2018 წლის 12 დეკემბერს თბილისის მერიამ თბილისელებს ანძის განვითარების ორი პროექტი შესთავაზა და გამოკითხვის საშუალებით სთხოვა საუკეთესო ვარიანტის არჩევა.
მერიის Facebook-გვერდზე იძებნება იმავე დღეს დადებული „თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის კონცეფციის“ შესახებ ვიდეოკლიპიც.
2021 წლის 7 აპრილს კი კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის ანძის პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა (ტენდერი) გამოცხადდებოდა.
დღეს, 2025 წლის 1 ოქტომბერს კახა კალაძე ამბობს, რომ უკვე ჰყავთ ინვესტორი კომპანია, „რომელიც ამ პროექტითაა დაინტერესებული და მას სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს“.
„მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძაზე ძალიან კარგი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის კერა. 70 მეტრ სიმაღლეზე მოეწყობა გადმოსახედი და რესტორანი.
ჩვენ დიდი ხანია, ამაზე ვმუშაობთ, გვქონდა არაერთი შეხვედრა ისტორიულ საბჭოსთან, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ყველა დეტალი, უსაფრთხოება არის გათვალისწინებული. გვყავს ასევე ინვესტორი კომპანია, რომელიც აღნიშნულით არის დაინტერესებული. მას სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს. ეს არის კომპანია, რომელმაც წალკის კანიონის პროექტი განახორციელა, რომელიც დატვირთულია ტურისტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია წალკის რაიონში და აღნიშნულ ინფრასტრუქტურას უამრავი ადამიანი სტუმრობს. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის“, – თქვა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, ინვესტიციის მოცულობა შეადგენს არანაკლებ 4 მილიონ აშშ დოლარს. მათივე ცნობით, მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადაა 2028 წლის მარტი. ოპერირების ფაზა გაგრძელდება 25 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მოწყობილი ინფრასტრუქტურა უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო საწარმოს — შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“.