ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და ევროკომისარი მარტა კოსი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ FARA-ს“.
მათი შეფასებით, ეს კანონი დემოკრატიისთვის სერიოზული უკან დახევაა.
„საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკან დახევაა.
მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ახლახან მიღებულ კანონებთან ერთად, ეს განსხვავებული აზრის ჩახშობის, თავისუფლებების შეზღუდვისა და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცის კიდევ უფრო შევიწროების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯს წარმოადგენს.
ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობასა და მისი მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში.
ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში მიღებულ დასკვნებში დაადგინა, რომ მოქმედების ამგვარმა კურსმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას საფრთხე შეუქმნა. გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოს მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, დემონსტრანტი და პოლიტიკური ლიდერი.
ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების საკითხი, თუ ქვეყნის ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად. პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეიდან, 31 მაისიდან ძალაში შედის „ქართული ოცნების“ FARA.
კანონი, რომელზეც „ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ ამერიკაში დღეს მოქმედის ანალოგია, მიზანში სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებს იღებს.