კანონპროექტებზე ხელმოწერით პრეზიდენტი შეუერთდა „ოცნების“ სადამსჯელო კამპანიას - „დროა“

პუბლიკა
content image

პარტია „დროა” მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მძიმედ აზიანებს მის მიერვე ინიცირებულ პროცესს ეროვნული კონსენსუსის შექმნასთან დაკავშირებით.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა.

„აღნიშნულით საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სასამართლო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ სადამსჯელო კამპანიას.

მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს უმძიმესი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების და პროფესიული წრეების მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების მიხედვით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას.“

ის, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და თავი შეიკავა მოტივირებული შენიშვნებით კანონის  პარლამენტისათვის დაბრუნებისაგან, უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში  „ქართული ოცნების“ წახალისება.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედება ეწინააღმდეგება 2021 წლის 27 დეკემბრის განცხადებაში დაფიქსირებულ მისსავე პოზიციას, რომლის მიხედვითაც, „მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, რაც დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის“,- ნათქვამია განცხადებაში.