კარა-მურზა: პუტინს თან სდევს სიკვდილი, იყო ჩეჩნეთი, საქართველო, უკრაინა

პუბლიკა

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმერ კარა-მურზა ალექსეი ნავალნის სიკვდილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამაში ერთადერთი პასუხისმგებლობა სწორედ ვლადიმერ პუტინს ეკისრება.

მისი თქმით, პუტინს მისი მმართველობის განმავლობაში მუდამ თან სდევდა სიკვდილი – მისი სამიზნე, მათ შორის, იყო ჩეჩნეთი, საქართველო, უკრაინა და სხვა.

„ერთი რამ ზუსტად ვიცი – ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინს ეკისრება. იმიტომ, რომ ალექსეი ნავალნი მისი პირადი პატიმარი იყო და მხოლოდ მისი პირადი ბრძანებების საფუძველზე შეეძლოთ FSB-ის მომწამვლელებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს საქმის წარმოება და განაჩენის გამოტანა.

ძალაუფლებაში ყოფნის 25 წლის განმავლობაში ამ კაცს თან სდევს სიკვდილი – სწორედ იმ შემოდგომიდან, როცა საკუთარ საცხოვრებლებში მშვიდად მძინარე ხალხი ააფეთქეს. შემდეგ იყო ჩეჩნეთი, ნორდ-ოსტი, ბესლანი, საქართველო, სირია, უკრაინა.

საუკეთესო წამებით კვდება – ყველაზე მამაცი, გულწრფელი, მზრუნველი. „ყველა ბრუნდება – მათ გარდა, ვინც ყველაზე მეტად საჭიროა”. და მხოლოდ ეს შურისძიების სურვილით შეპყრობილი, მხდალი, გაუმაძღარი მოხუცი ინარჩუნებს სიკვდილის სადავეებს, ანადგურებს ყველას, ვისაც მისი ძალაუფლებისთვის საფრთხედ ხედავს”, – წერს ის.

2023 წლის აპრილში მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსული მედიის ინფორმაციით, კარა-მურზას ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით წაუყენეს: რუსული არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების, „არასასურველ“ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა (იგულისხმება „თავისუფალი რუსეთის ფონდი“) და ღალატის მუხლებით.

ვლადიმერ კარა-მურზა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ისჯება, რის გამოც სინანულს არ გრძნობს.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“.

ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი არის მოკლული და ეს იყო „აშკარა მკვლელობა“.

როგორც 19 თებერვალს ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშიმ განაცხადა, ნავალნის დედა და ადვოკატი ქალაქ სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს. იარმიში წერს, რომ ადვოკატი მორგიდან გამოაგდეს.

„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია. გამოცემას ანონიმური წყარო, სალეხარდის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელი ეუბნება, რომ „მას უთხრეს, რომ ნავალნის სხეულზე აღმოჩენილია სისხლჩაქცევები, თავზე და მკერდზე.

წყარო ამბობს, რომ, როგორც წესი, სხვა შემთხვევებში, ციხეში გარდაცვლილი პატიმრების ცხედრები გლაზკოვას ქუჩაზე მდებარე სასამართლო მედიცინის ბიუროში გადაჰყავთ, მაგრამ „ამ შემთხვევაში ნავალნი რატომღაც კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს”.

წყაროს თქმით, ნავალნი, სავარაუდოდ, გულის გაჩერებით გარდაიცვლა, „მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რატომ გაუჩერდა გული”.