საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო დროს „ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ინციდენტების (ცემის ფაქტები) პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მომართოს, რადგან, მათი თქმით, პატრიარქი ახსენეს ასეთი ინციდენტის დროს”.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ.
„საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე ჩვენ კარგად გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფლებს და რეალურად ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ანდრეა ჯაღმაიძე განცხადებაში მიუთითებს, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი, და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა.
„რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ, თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, მედიასაშუალებები კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული “, -ამბობს ანდრეა ჯაღმაიძე.
ამავე განცხადებაში ანდრია ჯაღმაიძეს მოჰყავს სტატისტიკა, სადაც მისი თქმით, ნაჩვენებია ბოლო ათი წლის განმავლობაში მედიასაშუალებებით გავრცელებული უარყოფითი და კრიტიკული მასალები მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს შესახებ.