მიშა მშვილდაძის თქმით, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის თქმით, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიშა მშვილდაძე „ფორმულასთან“ ამბობს, რომ უცნობი პირი მოულოდნელად დაესხა თავს და მუშტი სახეში ჩაარტყა. ამის შემდეგ მშვილდაძის თქმით, ის დაეცა და სანამ წამოდგომას მოახერხებდა, თავდამსხმელი ცდილობდა, რომ კიდევ დაერტყა.

„უცნობი პირი დამესხა თავს კარფურის შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი შიგნით, შიგნით შემომყვა, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ.

შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები… ალბათ გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვისენე, ახსენა პატრიარქი „შენ პატრიარქს როგორ აგინებ“ თუ რაღაც მსგავსი“, – ამბობს მშვილდაძე „ფორმულასთან“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მიშა მშვილდაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიცია კი შემთხვევის ადგილას მივიდა.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.