ლეგენდარული პიანისტი, ევგენი კისინი საუბრობს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და გლობალურ პოლიტიკაზე.
52 წლის რუსი პიანისტი, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსისა და „გრემის“ პრემიის ორგზის ლაურეატი, ევგენი კისინი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დასავლეთში ცხოვრობს. ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და ყოველთვის აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით გამოირჩეოდა.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის ღიად აკრიტიკებს პუტინის ხელისუფლებას, ომის აქტიური მოწინააღმდეგეა და საქველმოქმედო კონცერტებს მართავს უკრაინის მხარდასაჭერად.
აპრილის დასაწყისში, კანადის ქალაქ ვანკუვერში სოლო კონცერტი გამართა,ხოლო კონცერტის წინ ცნობილ კანადურ ვებ-გამოცემა Stir-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას უზიარებს ჟურნალისტს. მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის შესახებ.
კისინი ექვსი წლის იყო, როდესაც მოსკოვის, გნესინების სახელობის მუსიკალურ სკოლაში ჩაირიცხა, ნიჭიერი ბავშვების სკოლაში. 10 წლისამ შეასრულა მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი N20, K. 466. ამის შემდეგ, გამოსვლა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში განაგრძო და მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ევგენი კისინის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დებიუტი მოსკოვის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 1984 წლის 27 მარტს. შოპენის ორივე საფორტეპიანო კონცერტი ერთი საღამოს განმავლობაში დაუკრა, მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად, დიმიტრი კიტაენკოს დირიჟორობით. კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცა და ამ ჩანაწერის წყალობით მისი სახელი ცნობილი გახდა მუსიკის მოყვარულთათვის მრავალ ქვეყანაში.
1987 წელს შედგა მისი დებიუტი ევროპაში, ბერლინის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ჰერბერტ ფონ კარაიანი დირიჟორობდა. ამ კონცერტის შემდეგ მისი საკონცერტო ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება სწორედ დასავლეთს, სადაც მან ელცინის პრეზიდენტობის დროს გერმანიის, ხოლო მოგვიანებით ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.
ფრაგმენტები ინტერვიუდან:
”მუსიკა ყველაზე უნივერსალური ენაა, ვიდრე მისთვის არ დააწესებენ ხელოვნური საზღვრებს (როგორც, მაგალითად, საბჭოთა კავშირში, ან სტალინის რეჟიმის ბოლო წლებში იმდროინდელი დასავლური მუსიკის მიმართ აღმართეს საზღვრები). თუმცა ის ადვილად სცდება ყველა საზღვრებს და გამაერთიანებელი ძალა აქვს.
რაც შეეხება პოლიტიკას, ფაქტია, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ხელს არ უშლის ადამიანებს ერთი და იგივე მუსიკით ერთნაირად დატკბნენ. თუმცა კომუნისტური რეჟიმის დროს, საბჭოთა მუსიკოსთა გასტროლებს მკაცრად აკონტროლებდა „გოსკონცერტი“ და უშიშროების სამსახური.
…მესმის, რომ ეს შეიძლება გასაკვირი და შოკისმომგვრელიც კი იყოს დასავლეთ ევროპელებისთვის, მაგრამ იმ დროს, როდესაც დასავლეთში მილიონობით „სასარგებლო იდიოტი“ საკუთარ ქვეყანას განიარაღებისკენ მოუწოდებდა კომუნისტური ურჩხულის წინაშე და სჯეროდათ, რომ ამერიკელები და ზოგადად, თავისუფალი სამყარო ისეთივე ცუდი იყო, როგორც საბჭოთა კავშირი, – სწორედ იმ დროს ჩვენ ბოროტების იმპერიაში, რკინის ფარდის მიღმა, ფარულად ვკითხულობდით აკრძალულ ლიტერატურას „სამიზდატში“, ჩვენ გვახსოვს იმ მწერალთა და ხელოვანთა სახელები, რომლებიც სისტემისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაისაჯნენ. მაგალითად, სოლჟენიცინი ან დავლატოვი.
დასავლეთს რომ კეკლუცობა არ დაეწყო საბჭოთა კავშირისა და მოგვიანებით რუსეთის წინაშე, არ გაეტარებინა სამარცხვინო და სუიციდური „განმუხტვის“ პოლიტიკა, ბოროტება უკვე საბოლოოდ დაინგრეოდა და მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა.
ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ჩემთვისაც და ბევრი ჩემი თანამოაზრისთვისაც სავსებით გასაგებია – დასავლეთს რომ იგივე სანქციები გამოეყენებინა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რასაც ახლა იყენებს, ყირიმის ანექსია არ იქნებოდა. მეტსაც გეტყვით, 2008 წელს დასავლეთს რომ გამოეყენებინა ასეთივე სანქციები პუტინის საქართველოში შეჭრისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის საპასუხოდ, პუტინი ყირიმის ანექსიას ხუთი წლის შემდეგ არ მოახდენდა – და შესაძლოა. იმ დროისთვის ის ხელისუფლებაშიც კი აღარ იქნებოდა…
და კიდევ: დასავლეთს რომ მსგავსი სანქციები ჯერ კიდევ 1999-2000 წლებში გამოეყენებინა, ჩეჩნეთის გენოციდის საპასუხოდ, საქართველოსა და უკრაინაში შემოსევებიც ნამდვილად არ იქნებოდა.
…უკრაინაში შეჭრის წინ, პუტინმა რუსეთის ტელევიზიით განაცხადა, რომ დასავლეთი ძალიან უსამართლო იყო რუსეთის მიმართ „თუნდაც 1990-იან წლებში რუსეთის უკიდურესი ღიაობის პირობებში“. ეს განცხადება არ გამიკვირდა, რადგან კარგად ვიცი, ვინ არის პუტინი და რას უნდა ელოდო მისგან. თუმცა, რაც ძალიან მიკვირს, დასავლეთში არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ამ შეხედულებას: რომ დასავლეთი ძალიან ცუდად მოიქცა ცივი ომის შემდეგ.
ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის კი სრულიად საპირისპიროა: დასავლეთი არ მოიქცა ცივი ომის გამარჯვებულივით – და ამიტომაც გვაქვს ახლა ყველა ეს პრობლემა და ტრაგედია. რაც საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში მისი ადგილი დაიკავა.
მესმის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ალბათ, ძნელი იყო საბჭოთა კავშირისთვის ამ ადგილის მინიჭების თავიდან აცილება – მაგრამ რატომ გადაეცა ის რუსეთს ბოროტების იმპერიის დაშლის შემდეგ? ახლა ყველა ხედავს რა პრობლემები წარმოიშვა რუსეთისა და პუტინის რეჟიმისგან.
კომუნიზმის დაცემის შემდეგ დასავლეთს ზუსტად ის უნდა გაეკეთებინა, რაც გერმანიას მოუწყვეს ნაციზმის შემდეგ: კომუნისტი ლიდერები უნდა გაესამართლებინა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე; დასავლეთს უნდა აეძულებინა რუსეთი აეკრძალა კომუნისტური იდეოლოგია, ლიტერატურა და სიმბოლოები; აეგო ათობით მემორიალი კომუნიზმის მსხვერპლთათვის, კომპენსაცია გადაეხადა კრემლის ბანდიტების მრავალრიცხოვანი მსხვერპლისათვის: ებრაელები, უკრაინელები, ესტონელები, ლატვიელები, ლიტველები, ქართველები, პოლონელები, ჩეხები და მრავალი სხვა…
დასავლეთმა ეს არ გააკეთა და პოსტკომუნისტურმა რუსეთმა, ბორის ელცინის ხელმძღვანელობით, მაშინვე დაიწყო დასავლეთის საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკის გატარება მილოშევიჩის მხარდაჭერით; საბჭოთა კავშირის დაშლიდან ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, როდესაც რუსეთი ნანგრევებში იყო, მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი კოზირევმა (რომელიც დიდ ლიბერალად ითვლებოდა) გაზეთ „Frankfurter Rundschau“-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა – „მოსკოვთან საუბარსა და ურთიერთობაში დასავლეთის ენა შეუსაბამოა“, – და ეს ყველაფერი დასავლეთმა გადაყლაპა.
შემდეგ „დემოკრატიულმა“ რუსეთმა მოახდინა ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, წაართვა აფხაზეთი საქართველოს – და დასავლეთმა ამით საშუალება მისცა ელცინს განეგრძო ჩეჩნეთის სრული ოკუპაცია, ხოლო ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ ოთხმოცი ათასი ადამიანი დაიღუპა!
დასავლეთი ამ დროს სიტყვიერი კრიტიკით შემოიფარგლა და არ დაუწესა რუსეთს რაიმე სანქციები. ეს არის ფაქტები – სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტები. …როგორ მოხდა, რომ ჰიტლერის გამოცდილებამ ჯერ კიდევ ვერ ასწავლა დასავლელ პოლიტიკოსებს, რომ დიქტატორები და მკვლელები არასოდეს უნდა დაივიწყონ, არ „დაამშვიდონ“. პირიქით, უნდა დაუპირისპირდნენ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში და ყველა შესაძლო საშუალებებით.
დასავლეთს არა მხოლოდ უფლება, არამედ მორალური ვალდებულება აქვს ეს გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებას წაახალისებს. ახლა მხოლოდ ეს შემიძლია მათ ვუთხრა: თუ თქვენ არა გააკეთებთ ყველაფერს, რათა დაეხმაროთ მამაც უკრაინელ ხალხს ამ ომში, აგრესორებისა და მკვლელების განდევნაში, ისტორია ამას არასოდეს გაპატიებთ“.