კარგი იქნება, მოხერხდეს კითხვებისა და პასუხების საჯარო განხილვა - მიტროპოლიტი სტეფანე ნამახვანჰესზე

პუბლიკა

„თუ არაფერი პრობლემური არ არის ამ ხელშეკრულებაში, მაშინ რა პრობლემაა, დადგნენ პასუხისმგებელი პირები და ახსნან, ეს ასეა, ეს ისეა და არანაირი პრობლემა აღარ იქნება”, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ნამახვანჰესთან დაკავშირებით ქადაგებისას განახცადა. გთავაზობთ მას:

„ახლა ორი სიტყვით მინდა მაინც შევეხო ნამახვანში მიმდინარე და, ზოგადად, რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს, იმიტომ, რომ ზოგს ჰგონია, ახლა აქ რაღაც საკითხებს რომ ვწყვეტ და ხანდახან პრობლემებში ვარ, თითქოს არაფერი აღარ მაინტერესებს, რა ხდება.

იყო შეთანხმება დიალოგისთვის, რომელიც არ განხორციელდა და ალბათ საჭიროა, რომ რაღაცა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს დიალოგი მოხდეს პასუხისმგებელ პირებთან, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ყველა კითხვაზე გასცენ პასუხი და არა მხოლოდ ექსპერტებთან, იმიტომ, რომ საკითხი დგას ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რომელიც არის საპრობლემო, როგორც აღმოჩნდა. თუ სიმართლეა, ვთქვათ და არაფერი პრობლემური არ არის ამ ხელშეკრულებაში, მაშინ რა პრობლემაა, დადგნენ პასუხისმგებელი პირები და ახსნან, ეს ასეა, ეს ისეა და არანაირი პრობლემა აღარ იქნება, დასრულდება ეს პროცესი. რად უნდა იქ ან გადაკეტვა გზებისა, ან რაღაცა კორდონების მოწყობა, ან რაღაც ძალისმიერი მეთოდებით გაჩუმება, ეს ხომ არ გაჩერდება?! შინაგანად ადამიანს თუ დარჩა აზრი, რომ ეს რაღაცა არ ხდება სწორად, უამრავ ხალხს გაუჩნდა რაღაც გარკვეული ასეთი უნდობლობა ამ საკითხთან მიმართებით.

ხომ შეგიძლია, თუ მართალი ხარ და და არაფერი პრობლემა არ გაქვს, ყველაფერი დაწვრილებით ახსნა და დასრულდეს ეს საკითხი. აი, რამდენი ხანია გრძელდება და სულ რაღაცა, აი, ვერ მოიძებნა საშუალება, რომ ნორმალური კომუნიკაცია შედგეს და ყველას აგვიხსნან, იმ ადამიანებს რომ უხსნიან, ჩვენც გვიხსნიან, ხომ ამბობენ, ხომ ყველას გვაინტერესებს, არავინ არ არის გულგრილად და იმედია, ეს საკითხი ძალისმიერი მეთოდებით არ გადაიჭრება; ეს ჩიხია, ძალისმიერი მეთოდი არის ჩიხი ამ შემთხვევაში. ეს არ არის, ასე ვთქვათ, უსამართლო ძალა, რომლის აღკვეთაა აუცილებელი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სწორად აყენებენ საკითხს და არ არის იოლი პასუხების გაცემა, მაგრამ აუცილებელია პასუხების გაცემა.

ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნებოდა, მოხერხდეს ამ კითხვების და პასუხების საჯარო განხილვა და საბოლოოდ დამშვიდდეს მოსახლეობა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ იყოს ასეთი მუდმივი დაძაბულობა“, – განაცხადა მან.