კარტოგრაფების საქმე | ადვოკატებმა თავდებობისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

პუბლიკა

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა თავდებობისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „მათ, ვისაც ილიჩოვასა და მელაშვილის ბედი აღელვებთ, განურჩევლად პროფესიისა, შეუძლიათ, თავდებში დაუდგნენ კარტოგრაფებს”.

„უახლოეს დღეებში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მოუწევს მსჯელობა. ჩვენ, ადვოკატები ვაპირებთ, სასამართლოზე პატიმრობის თავდებობით შეცვლა მოვითხოვოთ, ხოლო თქვენ შეგიძლიათ, თავდებში დაუდგეთ ამ ადამიანებს“, – წერს მშვენიერაძე.

ხელმოწერების შეგროვების პროცედურის დასაზუსტებლად „პუბლიკა“ GDI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორს, ედუარდ მარიკაშვილს დაუკავშირდა.

ადვოკატი განმარტავს, რომ თავდებში დადგომის მსურველებისგან საჭიროა ოფიციალურად ხელმოწერილი თანხმობა, ამისთვის კი ისინი „დემოკრატიული ინიციატივის“ ოფისში უნდა გამოცხადდნენ.

მარიკაშვილის თქმით, როდის იქნება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი ჯერ მისთვის ცნობილი არ არის, ხელმოწერების შეგროვება კი პროცესამდე უნდა მოესწროს.

„ეს ოფიციალური თავდებობაა – [საპროცესო კანონმდებლობა] ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების სახით თავდებობას; ოფიციალურად, პროცესუალურად დაფიქსირდებიან, როგორც თავდებებად“, – განაცხადა მარიკაშვილმა.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 8 ოქტომბრიდან პატიმრობაში არიან. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა. კომისიის ყოფილი წევრები ცდილობენ ახსნან, რატომ თქვეს უარი წლების წინ იმ რუკის გამოყენებაზე, რომლითაც გამოძიების მტკიცებით, საქართველოს თითქოსდა 3 500 ჰექტარი მიწით მეტი ექნებოდა მეზობელ ქვეყანასთან საზღვრების შეთანხმებისას.