კაშხალი იცავს მეწყერსაშიშ რეგიონებს. მოგეხსენებათ, მეწყერი ამ ხეობაშიც ხშირია - თურნავა შეხვედრაზე

პუბლიკა

„სწორი გათვლის შემთხვევაში, სწორი ანალიზის და შესწავლის შემთხვევაში და საზოგადოებრივი კონტროლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნამახვანჰესი ისევე, როგორც ნებისმიერი მსხვილი ჰესი, არის უფრო მეტი სიკეთის მომტანი, ვიდრე რაიმე დისკომფორტის, კონკრეტული დასახლების მოსახლეობისთვის“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერის კულტურის სახლში განაცხადა, სადაც მინისტრები ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოქალაქეებს ხვდებიან.

ნათია თურნავა ამბობს, რომ ზოგადად ჰესები, ქვეყნისთვის აუცილებელია.

„კაშხლები შენდება მთელ მსოფლიოში. მათი მთავარი დანიშნულება არის არამარტო ენერგეტიკა, არამედ სწორედაც იმ ხეობების მოსახლეობის დაცვა ბუნებრივი კატასტროფებისგან, იმიტომ, რომ კაშხალი არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ჰიდრონაგებობა, რომელიც, თუნდაც მეწყრისგან იცავს იმ რეგიონებს, რომლებიც ისედაც მეწყერსაშიშია და მეწყერი, მოგეხსენებათ ხშირია ამ ხეობაშიც“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსად კაშხლები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც შენდება და მაგალითად იაპონია, შვეიცარია და ბალტიის ქვეყნები მოიყვანა.

„მოგეხსენებათ, რომ იაპონია არის სეისმურად ან მიწისძვრის საფრთხესთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ადგილი ამ თვალსაზრისით, სადაც ძალიან ხშირია მიწისძვრები – პრაქტიკულად, პერმანენტულად ხდება. 3 ათას კაშხალზე მეტია აშენებული იაპონიაში იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ სწორი გათვლის შემთხვევაში, სწორი ტექნოლოგიის შემთხვევასა და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვის შემთხვევაში, კაშხლები არათუ საფრთხეა, არამედ იცავენ მათ ბუნებრივი კატასტროფებისგან.

ჩვენნაირი ლანდშაფტის მქონე ევროპული ქვეყნები რომ ავიღოთ, მაგალითად, შვეიცარია, რომელსაც საქართველოსნაირი ლანდშაფტი აქვს, 300-ზე მეტი კაშხალი და ჰიდრომააკულირებელი სადგურები აქვს შვეიცარიას და კიდევ უფრო მეტს ავითარებენ, იმიტომ, რომ წყალი მათი სიმდიდრეა საქართველოსავით და უფრთხილდებიან და საკუთარი სიმძლავრე უნდა განავითარონ.

ბალკანეთში – ქვეყნები, ასევე, სადაც სადაც ძალიან ძლიერია ტურიზმი, როგორც საქართველოში და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ტურისტულ განვითარებას. უახლოეს პერიოდში 140-ზე მეტი მსხვილი კაშხლიანი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგური შენდება“, – განაცხადა თურნავამ.


ნამახვანჰესთან დაკავშირებით ცაგერის კულტურის სახლში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები მოქალაქეებს ხვდებიან.

გუშინ, 4 მარტს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მოსახლეობის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში უნდა გამართულიყო. თუმცა შეხვედრის დაწყებამდე თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ – „აი ახლა გავხსენით თქვენთან საუბარში. ასე რომ, პრობლემა არ გაქვთ”.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ადგილობრივი აქტივისტი ვარლან გოლეთიანი ამბობს, რიონის ხეობის მცველებმა უარი თქვეს შეხვედრაში მონაწილეობაზე, ვინაიდან დახურული ფორმატი მათთვის მიუღებელი იყო.