„ხაბეიშვილი სამარცხვინო ადამიანია“ - კუპატაძე-ხაბეიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარლამენტის დეპუტატ ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის პოლიციის დირექტორის მოადგილე თემურ კუპატაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თემურ კუპატაძე კორუფციაში დაადანაშაულა და ქურდი უწოდა, რის შემდეგაც თემურ კუპატაძემ „TV პირველთან“ ხაბეიშვილი „სამარცხვინო ადამიანად“ მოიხსენია.

„4 წელი ვიყავი საკრებულოს წევრი, ვარ პარლამენტის წევრი და არათუ მილიონიანი ქონება, ახლა რომ მითხრათ, 100 ათასი ლარის ქონებასაც ვერ შევიძენ, სესხსაც კი არავინ არ მომცემს ამდენს. ამიტომ კუპატაძემ მის კოლეგებს, 1200 ლარი რომ აქვს ხელფასი და მერე აძლევს უკანონო დავალებებს, აუხსნას, როგორ შეძლო მილიონობით ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთის შეძენა, რომელზეც შენობა-ნაგებობაც დგას. აი, ეს პასუხი გასცეს საზოგადოებას და როცა ამბობს, რომ მას და მის ოჯახის წევრებს ბიზნესი არ აქვთ და ლამის ცრემლები წამომივიდა, მაშინ აგვიხსნას, მილიონობით ლარის ქონებას როგორ აგროვებენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა იუსტიციის სამინისტროსთან.

„შენ ხარ კორუმპირებული და ქურდი“, – უთხრა ხაბეიშვილმა კუპატაძეს, რაზეც ქალაქის პოლიციის დირექტორის მოადგილემ უპასუხა – „არაფერს არ ვმალავდი, ყველაფერი არის დეკლარაციაში მითითებული. მე ძალიან დიდი  ხანია ვმუშაობ შინაგან საქმეთა სამინისტროში.  ინტრიგანი, პროვოკატორი ადამიანი ხარ“.

კუპატაძემ ჟურნალისტს საბანკო ანგარიში და ვალდებულებები უჩვენა. ასევე აღნიშნა, რომ დეკლარაცია საჯაროა და შემოსავლების დათვლა შესაძლებელია.

„ვინ მადანაშაულებს [კორუფციაში], ხაბეიშვილი? ხაბეიშვილი არის სამარცხვინო ადამიანი, ეს არის ქვეყნის სირცხვილი, მეტი არაფერი. ჩემი დეკლარაცია გასაჯაროებულია, რაც მე ვმუშაობ, მას შემდეგ ვავსებ დეკლარაციას, შეგიძლიათ კაპიკ-კაპიკ დათვალოთ და ნახოთ“

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეძლო მილიონობით ლარის ღირებულების ქონების შეძენა, კუპატაძე პასუხობს:

„უპატრონო ხო არა ვარ, მთელი წლების მანძილზე სახლი მქონდა, გავყიდე ერთი სახლი, მეორე სახლი და ვეძებდი შესაბამის ვარიანტს, რომ მეყიდა და თქვენ არ გაქვთ სახლი? არ მაქვს სახლის ფლობის უფლება? ხაბეიშვილი, რომელიც არის სამარცხვინო, კეკლუცი, კამერების წინ მოთამაშე, მოცეკვავე ადამიანი, რომელიც იძახის, რომ თურმე 2018 წლის შემდეგ ვერ ნახულობს თურმე ჩემს დეკლარაციას? კალკულაცია ხომ არსებობს? დათვალეთ და ნახეთ. ახლავე გაჩვენებთ ჩემს კრედიტებს… ერთი წუთი, რას ბოდავ, ხაბეიშვილის სიტყვებს იმეორებ?“, – უთხრა კუპატაძემ ჟურნალისტს.

მისივე თქმით, ამჟამად ცხოვრობს მცხეთაში მდებარე სახლში, რომელიც თავისივე სახელზეა გაფორმებული, სახლის ღირებულება კი მილიონი ლარი არ არის.


საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე თეიმურაზ კუპატაძის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 26 მარტით თარიღდება, როდესაც იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მისი ხელფასი კი 6 ათას ლარს შეადგენდა.