საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ხანუმ ჯეირანოვას მიმართ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა. ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე უკვე 5 პირია ბრალდებული.
როგორც პროკურატურაში ამბობენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ორმა პირმა სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, გადაწყვიტეს ხანუმ ჯეირანოვას ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თ.გ.-მ და ე.დ.-მ სხვა განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულებმა, ხანუმ ჯეირანოვა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამის შემდეგ, მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს.
ბრალდებულები ქალს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის შედეგადაც, მან 2014 წლის 18 სექტემბერს თავი მოიკლა”, – ამბობენ პროკურატურაში.
ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორივე ბრალდებულს სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
ხანუმ ჯეირანოვას შვილები, ოჯახის წევრები და უფლებადამცველები წლების მანძილზე ითხოვდნენ საქმის გამოძიებას. აქციები იმართებოდა გენერალურ პროკურატურასთან. თუმცა უშედეგოდ. პროკურატურამ სამ პირს ბრალდება მას შემდეგ წარუდგინა, რაც გაეროს ქალთა უფლებათა კომიტეტმა 2021 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა დასკვნა და დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ხანუმ ჯეირანოვას მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები. კომიტეტმა საქართველოსგან მოითხოვა შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა, მათ შორის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის.