„ხელისუფლება უარს ამბობს რეკომენდაციების შესრულებაზე“ - ოპოზიცია მურუსიძისა და გვრიტიშვილის საბჭოში არჩევას აფასებს

პუბლიკა

ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები საბჭოს მოსამართლე წევრებად 23 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე დაამტკიცეს.

მართლმსაჯულების თემებზე მომუშავე ორგანიზაციების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სფეროს ექსპერტების ნაწილის მიერ ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის გავლენიან წევრებად არიან მიჩნეულნი.

იუსტიციის საბჭოში მათ არჩევას ოპოზიცია კრიტიკით შეხვდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მათი არჩევით სასამართლომ და ხელისუფლებამ ღიად თქვეს უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და სისტემის რეფორმაზე.

„ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას, უარს ამბობს იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც იყო მიშელის დოკუმენტში და არის ევროკომისიის 12 პუნქტში.

მიშელის შეთანხმების თანახმად, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევა უნდა შეჩერებულიყო, სანამ რეალური რეფორმა არ ჩატარდებოდა; 12 პუნქტში კი გარკვევით წერია, რომ უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა. აბსოლუტურად ყველა ელჩი მოუწოდებდა ხელისუფლებას, შეჩერებულიყო საბჭოს მოსამართლე წევრების დანიშვნა რეფორმების ჩატარებამდე და რით უპასუხა რუსულმა ოცნებამ დასავლეთს?

2021 წლის ბოლოს, ახალი წლის დღეებში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომ საბჭოს ყოფილი წევრების ხელახალი არჩევა ყოფილიყო შესაძლებელი.

2022 წელს კი, ევროკავშირის რეკომენდაციების მიღებიდან 10 დღეში, ხელისუფლება ხელმეორედ ირჩევს ჩინჩალაძეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით“, – განაცხადა მელიამ.

ენმ-ის თავმჯდომარემ მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს, იქონიონ რეაგირება და პასუხი გასცენ მომხდარს.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება“, – განაცხადა მელიამ.

ევროკომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფად აფასებს მურუსიძისა და გვრიტიშვილის საბჭოში არჩევას პარტია „ლელო“.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ გაამყარა „კლანის“ ძალაუფლება და გააძლიერა პოლიტიკური კონტროლი მართლმსაჯულების სისტემაზე.

„ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ევროკავშირის კანდიდატობის მოსაპოვებლად აუცილებელი რეფორმებიდან არცერთი რეფორმის განხორციელებას, რადგან ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ინტერესები პირდაპირ წინააღმდეგობაშია დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ევროპული კავშირის იდეალებთან“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრების ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის პარალელურად, მოსამართლეთა ფრთა „კლანის მეთაურების დესანტით“ გაძლიერდა, რაც, მისი თქმით, ევროპული რეკომენდაციების დარღვევაა.

„როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის რუსეთის სასარგებლოდ გააკეთოს. რუსული არჩევანია, როცა ქვეყანაში გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა, როცა სასამართლოს მართავს კლანი და იყენებენ მას პოლიტიკური დევნისთვის. ამის მაგალითია ნიკა გვარამიას საქმე. ასევე რუსული არჩევანია ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ქვეყანაში მეფობს „ქართული ოცნების“ დამსახურებით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, ნათია მეზვრიშვილს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომლის გამოც საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს ვერ შეასრულებს, შესაბამისად, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ „ოცნებამ“ მმართველობის 10 წლის თავზე სასამართლოს სისტემა მთლიანად გადააბარა იმ ადამიანებს და ადამიანს, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედია გირგვლიანის ტრაგედიის.

„როდესაც ხელისუფლება იმყოფება კრიტიკულ სიტუაციაში და მას შიშები აწუხებს, რომლებიც შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან ბუნებრივია, ისინი იღებენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას – არ ენდობიან ვიღაც „იქს პიროვნებას“ საბჭოში და ენდობიან მურუსიძეს, რომელიც ყოველთვის იყო მათი დავალებების შემსრულებელი და ასევე წინა ხელისუფლების დროს მათი დავალებების შემსრულებელი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

საკითხს ბრიფინგით გამოეხმაურა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

„გუშინდელი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გზავნილი „ქართული ოცნების“ მხრიდან მოქალაქეების მიმართ, რომ ჩვენს ქვეყანას „ქართული ოცნების“ პირობებში არ აქვს არანაირი ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა მან.

მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომელიც პარტიას სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული „კლანის“ გარშემო პოლიტიკური უთანხმოების გამო გაემიჯნა.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბესელიამ აღნიშნა, რომ საბჭოში მურუსიძე-გვრიტიშვილის შეყვანა კონტროლის გამყარების ღია გზავნილია.

„იუსტიციის საბჭოში დღეს 15 წევრის ნაცვლად 10 წევრია. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. 15-ვე წევრი უნდა იყოს არჩეული და საბჭო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს 15 წევრის ფარგლებში. მესამე წელია, რომ 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პარლამენტმა გადადო. ეს იმას ნიშნავს, რომ 10 გარანტირებულ ხმას, რომელიც იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება, ე.წ. კლანი განიხილავს როგორც საფრთხეს, რათა ამ 10 ხმას არავინ გამოაკლდეს“, – აცხადებს ის.

ამავე სააგენტოსთან საუბარში „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ერთი კონკრეტული ნაბიჯი ვერ განსაზღვრავს საქართველოსთვის სტატუსის ბედს, თუმცა ეს ნაბიჯი საერთო სურათში მძიმედ ჩანს.

„ის, რომ ქვეყანაში ყველაზე უფრო დისკრედიტირებული მოსამართლეების მივლენა ხდება იმ ორგანოში, რომლის რეფორმირების შესახებაც ევროკავშირმა პირდაპირ მოგვიწოდა, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირი გზავნილია. თავისთავად იქ არ წერია მურუსიძის გვარი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ტიპის ასოციაციებსაც იწვევს მისი ამ ტიპის ორგანოში ყოფნა“,  – განაცხადა მან.


ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები საბჭოს მოსამართლე წევრებად 23 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე დაამტკიცეს. ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო, დიმიტრი გვრიტიშვილმა კი – 267.

პარალელურად დასრულდა იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევად განცხადებების მიღება.