ხელისუფლებამ, რუსეთის მსგავსად, არაერთხელ გვიწოდა დაქირავებული - მამულაშვილი

პუბლიკა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ეროვნული ლეგიონის“ ოთხ წევრს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა – ამის შესახებ ინფორმაციას „მედიაზონა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასამართლებულ მებრძოლთა შორის არიან: ლაშა რუხაია, ვასილ ალიბეგაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი და ვეკა აფრესოვი. მათ სასამართლომ პატიმრობა „დაქირავებულობის“ მუხლით მიუსაჯა.

„ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი „TV პირველთან“ ამბობს, რომ „ქართულ ლეგიონზე“ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების პოზიაცია ერთმანეთს ემთხვევა. მამულაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ითანამშრომლოს.

„ამ პირობებში, როდესაც ვებრძვით რუსეთს და ვებრძვით ოკუპანტს, ასეთი ნაბიჯი რუსეთს მხრიდან ბუნებრივია, მაგრამ შეიძლება, რაღაცის მიმანიშნებელი იყოს, ამას დრო გვაჩვენებს. […] შეიძლება, სწორედ ამ საკითხზე თანამშრომლობენ საქართველოს ხელისუფლებასთან და სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდნენ, რომ რაიმე პროვოკაცია მოეწყოთ კიდევ ქართული ლეგიონის წინააღმდეგ.

ხელისუფლებამ არაერთხელ გვიწოდა დაქირავებულები ასე, რომ რუსეთის, ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ დაგვიცავენ და დიდი ალბათობით ითანამშრომლებენ ამ საკითხში რუსეთთან“, – ამბობს მამულაშვილი.

ერთ-ერთი მებრძოლი, ლაშა რუხაია, რომელსაც მოსკოვის სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა, „TV პირველთან“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების იმედი არ აქვს.

„ამაყი ვარ, რომ ვომობდი უკრაინაში ქართველ ლეგიონერებთან ერთად. თავიდანვე იყო მსგავსი საუბრები, რომ ამ ბიჭებს ყველას მიუსჯიდნენ პატიმრობას. მათ სურთ, რომ დააშინონ ჩვენი ბიჭები, თუნდაც მე, თუმცა ჩვენ ამით ვერ დაგვაშინებენ, რუსულმა ტყვიამ ვერ შემაშინა ფრონტის ხაზზე და […] ჩვენი სახელწიფოს იმედი არა მაქვს და თავისთავად დაცულადაც ვერ იგრძნობ თავს, ასე ღიად ვერაფერს ვერ მიიღებენ, მაგრამ, უბრალოდ, შეუძლიათ, რამე ისეთი ცუდი გააკეთონ, ან ჩუმად გამიტაცონ ან მსგავსი რამე“, – განაცხადა რუხაიამ.

„ქართული ლეგიონი“ შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც უკრაინული ძალების გვერდით 2014 წლიდან იბრძვის. იგი ძირითადად შედგება ყოფილი ქართველი სამხედროებისგან, რომლებსაც აქვთ შეიარაღებულ კონფლიქტებში ბრძოლის გამოცდილება.

„ქართული ლეგიონი“, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება, დაახლოებით 1 300 სამხედროს აერთიანებს.