ხელისუფლების პასუხისმგებლობა ასეთი საკითხების გამოძიებაა - კობახიძე ბორჯომის ინციდენტზე

პუბლიკა

„ხელისუფლების პასუხისმგებლობა ასეთი საკითხების გამოძიებაა“, – თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბორჯომში, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ბანაკში მომხდარ ინციდენტზე.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იღებს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმ ორგანიზებულ ჯგუფებზე, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანებს თავს ესხმიან, მათ შორის, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას იმ ჯგუფებზე, რომლებიც შაბათს, 17 ივნისს, თავს დაესხნენ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ბანაკს, ბორჯომში. კობახიძემ ჟურნალისტს უპასუხა, რომ ხელისუფლება მხოლოდ მსგავსი საკითხების გამოძიებაზე იღებს პასუხისმგებლობას.

„ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე. ბუნებრივია, საჭიროა ყველა ასეთი ფაქტის გამოძიება. ძალადობა არის არასწორი, არის მიუღებელი, ამას სჭირდება გამოძიება. ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ასეთი საკითხების გამოძიება. ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას. ცდილობენ რადიკალიზმის შემოტანას. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, გადადის ძალადობაში. ეს არის ძალიან ცუდი. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც წაახალისებს ქვეყანაში პოლარიზაციას”, – განაცხადა კობახიძემ.


შაბათს, 17 ივნისს, ბორჯომში სემინარზე მიმავალ „გირჩის“ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, 60-მდე ადამიანი ბორჯომში იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც „ლიბერალურ აკადემიას“ სემინარი უნდა გაემართა.

სასტუმროსთან შეკრებილებმა სემინარის მონაწილეების მისამართით ქვების სროლა და გინება დაიწყეს. ისმოდა მუქარის შემცველი შეძახილებიც. ადგილზე ამ დაჯგუფებასთან ერთად იყო მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ ლიდერი ვატო შაქარიშვილიც.