„მომაშორე, დაგამტვრევ მაგას“ – ხელვაჩაურში პატიმრების მშობლებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს მერიასთან სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ვიდეოემასალას გამოცემები, „ბათუმელები” და „აჭარა თაიმსი” აქვეყნებენ.
დღეს, 7 მაისს, ხელვაჩაურში სინდისის პატიმრების მშობლები გაზეთებს არიგებდნენ, რა დროსაც ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ უშლიან გადაღებას მედიის წარმომადგენლებს. ამავე ვიდეოებში ისმის სინდისის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამის ხმა, სადაც ამბობს, რომ მას ხელით შეეხნენ.
როგორც გამოცემა „ბათუმელები” წერს, დაპირისპირებაში მონაწილე პირები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებსა და პატიმრების მშობლებს მერიასთან არსებულ სკვერში დაუპირისპირდნენ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები არიან. მათ შორის სახელდება ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ბიძაშვილი, ხელვაჩაურის მერიის სანდასუფთავების და კომუნალური სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯუმბერ [გენადი] დიასამიძე.