ხმალაძე, ბესელია და კორძაძე თვლიან, რომ კანონპროექტი არ ჩავარდნილა - არგუმენტები

პუბლიკა

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, ადვოკატი ზვიად კორძაძე და პარლამენტარი ეკა ბესელია მიიჩნევენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელი ცვლილებების კანონპროექტი არ ჩავარდნილა.

ხმალაძე “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ამბობს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ორი მექანიზმი არსებობს: “ერთი, – ორი მესამედით (100 ხმით) რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა მიიღოს, მაგრამ ის ძალაში ვერ შედის და მიღებული გადაწყვეტილება მომდევნო პარლამენტს უნდა გადაეცეს.

და მეორე: კონსტიტუცია მოსმენების რაოდენობაზე არაფერს ამბობს, მაგრამ პარლამენტის რეგლამენტში მითითებულია, რომ თუ პარლამენტმა სამი მოსმენითა და პარლამენტის სამი მეოთხედის (113 ხმით) უმრავლესობით მიიღო ცვლილება, მაშინ ის მაშინვე შედის ძალაში და მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის გადაცემა საჭირო აღარ არის“.

„თუკი კანონპროექტმა მეორე მოსმენაზეც მიიღო მინიმუმ ორი მესამედი ხმებისა (100 ხმა), მაშინ უნდა გაიმართოს, მესამე მოსმენაც. თუ მესამე მოსმენაზეც მიიღო მინიმუმ ორი მესამედი (100 ხმა), მაშინ ის უნდა გადაეცეს მომდევნო მოწვევის პარლამენტს. რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში, 2020-ის არჩევნები ვერ იქნება პროპორციული, შემდეგი პარლამენტის მიერ ამ კანონის დამტკიცებას აზრი აღარ ექნება, რადგან ეს ცვლილება ეხება მხოლოდ 2020-ის არჩევნებს და დაგვრჩება ასეთი კურიოზული ნორმა“. – უთხრა კონსტიტუციონალისტმა  “თავისუფლებას”

მისი თქმით, კანონპროექტი მაშინ იქნება ჩავარდნილი, თუ მესამე მოსმენითაც ვერ მიიღო 100 ხმა მაინც. ხოლო, მესამე მოსმენით 113 ხმის მიღების შემთხვევაში იურისტების აზრი გაიყოფა – კანონპროექტი მიღებულად უნდა ცაითვალოს თუ, მომდევნო პარლამენტს გადაეცეს. თავად კონსტიტუციონალისტი ამ შემთხვევაში კანონპროექტს მიღებულად განიხილავს.

მეორე მოსმენის საჭიროებაზე საუბრობს ეკა ბესელიაც, „ის, რომ 113 ხმა ვერ მიიღო კანონპროექტმა, ეს რეგლამენტის მიხედვით (და არა კონსტიტუციის), ნიშნავს, რომ მას კიდევ სჭირდებოდა ორი მოსმენა და 113 ხმის შემთხვევაში პრეზიდენტს გადაეგზავნებოდა ხელმოსაწერად.”

“თუ რეგლამენტი გასწორდება და ჩანაწერი გაჩნდება – რომ მეორე და მესამე მოსმენის დროს, (მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე 113 ხმა ვერ მოგროვდა) 113 ხმით შეიძლება იყოს მიღებული კანონპროექტი, ის მაინც მიიჩნევა მიღებულად და გადაეგზავნება პრეზიდენტს მოკლე დროში“, – ამბობს ბესელია.

ანუ, მისი თქმით, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, სამართლებრივი შესაძლებლობა არის, „მეორე მოსმენაზე კანონპროექტი მაინც უნდა გამოვიდეს ცვლილების გარეშე თუ ცვლილების მერე“, – აღნიშნავს ბესელია.

ადვოკატი ზვიად კორძაძეც ვახტანგ ხმალაძის აზრს ეთანხმება, მისი თქმითაც, კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების პირველი მოსმენით მისაღები ქვორუმი არის 100 (2/3) და არა 113 (3/4). 113 არის ქვორუმი იმისთვის, გადაეცეს თუ არა პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭი უყარა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა