ხოშტარია: ეს ახალგაზრდები არიან პარტიული აქტივი და მათ დავალებებს აძლევენ

პუბლიკა

„ეს ახალგაზრდები არიან პარტიული აქტივი და მათ დავალებებს აძლევენ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მათი პატრიის ოფისთან გამართული აქციის შესახებ განაცხადა.

„გულწრფელად ვწუხვარ, ასეთი ქვეყანა არ გვინდა ჩვენ, სადაც პარტიები თავისუფლების სივრცეს კი არ უქმნიან, პარტიულ დავალებებს აძლევენ. პოლიტიკურად ჩვენთვის ეს პროცესი ახალი არ არის. როდესაც „ქართულ ოცნებას” არ აქვს არგუმენტი, აწყობენ აქციებს”, – განაცხადა ხოშტარიამ.


ახალგაზრდათა ჯგუფმა პარტია „ევროპული საქართველოს” ოფისთან აქცია გამართა. მათი თქმით, ისინი პარლამენტის შენობაში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებდნენ.

„დატოვონ პარლამენტი ნადირაშვილმა და ხოშტარიამ”, „თქვენი ევროპული საქართველო = თქვენს საბჭოთა საქართველოს”, „ამხანაგო ელენე ხოშტარია, დატოვეთ საპარლამენტო მანდატი” „ლეონიდ ბრეჟნევის ასული ელენე ხოშტარია”, – ამ ბანერებით ისინი „ევროპული საქართველოს” ოფისთან შეიკრიბნენ.

„ოკუპანტის ჰიმნის ადგილი საქართველოში არ არის”, – მათ ოფისთან საქართველოს ჰიმნიც ჩართეს.

მანამდე კი, „ევროპილი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ოფისთან ახლოს, ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდების ჯგუფი მივიდა და ელენე ხოშტარიასგან პასუხს ითხოვდა – მიაჩნია თუ არა მას, რომ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაშვება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია.


გუშინ თბილისში ოპოზიციის ორ ოფისთან ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტის შენობაში საბჭოთა ჰიმნის გაშვება გააპროტესტეს.

დღეს პარლამენტის წევრმა, მამუკა მდინარაძემ შეკითხვას, იყო თუ არა გუშინ ოპოზიციის ოფისებთან გამართული აქციები „ქართული ოცნების“ მიერ  ორგანიზებული, უპასუხა, რომ ამ ახალგაზრდების [აქციის მონაწილეები] შესახებ მას ინფორმაცია გიორგი ჩაკვეტაძემ მიაწოდა.

„მე ამ ახალგაზრდების შესახებ მითხრა გიორგი ჩაკვეტაძემ [„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე], რომ რამდენიმე ათეული მესიჯი მომივიდა უკვეო და არ არსებობსო, რომ ამ გოგოებმა და ბიჭებმა ეს არ გააპროტესტონო. სიტყვა-სიტყვით გიყვებით. ჩვენი ახალგაზრდულის თავმჯდომარემ ჩამაყენა საქმის კურსში, რომ ვერ ვაკავებ ამ ხალხსო“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.


პარლამენტში, 18 თებერვალს არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.