ელენე ხოშტარიამ ცესკოში „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით საჩივარი შეიტანა

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, ადვოკატებთან ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში) ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილ ბანერებთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა.

როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, „სისხლიანი ბანერები“ კანონდარღვევით არის ქალაქში გაკრული, რადგან ყველა სააგიტაციო კამპანიას ავტორი და ტირაჟი უნდა ჰქონდეს მითითებული, რაც არსებულ ბანერებს არ გააჩნიათ.

ამასთან, ხოშტარია ამბობს, რომ „ოცნება“ ბანერების შინაარსს იზიარებს, მაგრამ არ ამბობენ, რომ ეს მათი დამზადებულია.

„ცესკო-ში სარჩელი შევიტანეთ ე.წ „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით, რომელიც ქალაქში განთავსდა. კამპანიაში აბსოლუტურად ყველა სააგიტაციო კამპანიას უნდა ჰქონდეს ავტორი, ტირაჟი მითითებული, რაც აქ არ არის, რაც კანონდარღვევაა. აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი რომ „ქართული ოცნება“, მაგალითად კალაძე თან ცდილობს, რომ დისტანცირდეს ამ ბანერებისაგან და თან აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ დაბეჭდილი, ამიტომ კეთილი ინებონ და კანონი ფორმალურად მაინც შეასრულონ, ან აღიარონ რომ მათია და მიაწერონ ამ ყველაფერს ან მიაწერონ ვინ არის და ჩვენ იმასაც გამოვიკვლევთ რა კავშირში „ქართულ ოცნებასთან“.

იმიტომ რომ ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს რომ ცესკო სამართლიანად მოიქცევა, ან „ქართული ოცნება“ რამეს გადაიფიქრებს, მაგრამ დისკომფორტს ამ მალვასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად იქნება ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერაც შეფასებული. ეს არის კონკრეტული კანონდარღვევა და მცდელობა, რომ ამოეფარონ ვიღაცას. თან ამბობენ, რომ მათია იმიტომ, რომ ხაზს უსვამენ ამ სიძულვილის შინაარსს რაც შიგნით არის, თან ტექნიკურად ამას არ მიუთითებენ რათა კალაძეს დაუტოვონ სივრცე, რომ თითქოს ძალიან კეთილია და არ არის ამ ყველაფრის ავტორი.

სარჩელში კონკრეტულად არის მითითებული იმ კანონებზე რომელთა დარღვევაც მოხდა და წესით კანონის არსებობის შემთხვევაში ცესკო-მ უნდა მოახდინოს რეაგირება და უნდა აიძულოს ისინი, მიუთითონ ვინ არის ამის ავტორი. არანაირი მოლოდინი არ მაქვს რომ ესენი კანონით ხელმძღვანელობენ, თუმცა მათ კარგად ესმით რომ ამ ყველაფერს საერთაშორისო დამკვირვებლებიც აკვირდებიან“ , – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, – 17 სექტემბრის ღამით თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. „სისხლიან ბანერებზე“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი.

მათ შორის ასევე მოხვდა „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარიაც. ბანერებზე ასევე გამოსახულია მედიის წარმომადგენელთა ( ნოდარ მელაძე, ნიკა გვარამია) სურათებიც. სოციალურ ქსელში ვრცელდება ისეთი ფოტოებიც, სადაც ჩანს, რომ სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს.