ხოშტარიას თქმით, მხოლოდ მაშინ მიიღებს მედიკამენტებს, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე შეექმნება

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მედიკამენტებს, თუკი მის სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე შეექმნება.

„მე ვთქვი, ვიშიმშილებ მანამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საფრთხე არ მოხსნილა, პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო აქამდე. ამიტომ მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, მე ვაგრძელებ შიმშილობას.

რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. ახლა მე არ ვიღებ მედიკამენტებს, თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს ზღვარი უკვე არის სიკვდილის ზღვარი, მივიღებ მედიკამენტებს იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ დანებებას, მე არ ვაპირებ არც სიკვდილს, მე არ ვაპირებ არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას, ამ ბრძოლის გზით“, – უთხრა ჟურნალისტებს ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია მე-7 დღეა შიმშილობს.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმროდან გადაიყვანეს. ოფიციალური წყაროები რამდენიმე საათის განმავლობაში არ ამბობდნენ, სად გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 26 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ წერილში ნათქვამი იყო, რომ როგორც არ უნდა დამძიმებულიყო მისი მდგომარეობა, უარს აცხადებდა გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე.

მიხეილს სააკაშვილთან გლდანის ციხის კლინიკაში იმყოფებოდა ომბუდსმენის წარმომადგენელი და თავად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. მათი განცხადებით, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ძალის გამოყენებით შეიყვანეს გლდანის ციხის კლინიკაში. ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოენახულებინათ.

პარალელურად აქცია მიმდინარეობდა მთავრობის კანცელარიასთან. მოქალაქეები შეიკრიბნენ გლდანის ციხესთანაც. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც წერს, რომ გლდანის კლინიკაში ის მოტყუებით გადაიყვანეს. „მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.