თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას ინფორმაციით, მის მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.
ხუჭუას განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„საზოგადოებრივი ინტერესისა და საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით ვადასტურებ, რომ წარსულში ჩემ მიერ განხილული საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულების ნიშნებს და საჭიროებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. არსებული ინფორმაცია, დადგენილი წესით, დეტალურად ვაცნობე საქართველოს გენერალურ პროკურორს, რათა დაუყოვნებლივ დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება.
თუმცა, დღემდე არ არის ცნობილი გამოძიების დაწყების ან სხვა სამართლებრივი პროცედურების თაობაზე. ზემოაღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა, წარმოშვას საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და საკითხის პოლიტიზაციას, რაც პირდაპირ აზიანებს სამართლის უზენაესობის პრინციპს და საზოგადოებრივ ნდობას. ყველასთვის ცნობილი და გასაგები უნდა იყოს, რომ საარჩევნო პროცესი წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს, ხოლო სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს მისი სამართლებრივი სიწმინდე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება ეფუძნება მხოლოდ კანონს და სამართალს. ამასთან, ვემსახურები იმას, რომ ყველა პროცესში მაქსიმალურად დაცული იყოს სასამართლოს მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ავტორიტეტი“, – ნათქვამია მოსამართლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2024 წლის 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვდა, გაუქმებულიყო ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგები, რომლებშიც ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული წესით წარიმართა, ვინაიდან დაირღვა ხმის ფარულობა – ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა ამომრჩევლების მიერ გაფერადებული წრეები, ხოლო არსებული ინფრასტრუქტურა ამის დაფარვას ვერ უზრუნველყოფდა.
5 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
7 ნოემბერს თბილისის სააპელაციომ არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა – გაუქმდა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაც.