„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს" - თბილისში მარში მიმდინარეობს

პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარეობს მარში, „კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს”. მსვლელობა 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანთან გრძელდება.

„ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი. ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი”, – აღნიშნავენ მარშის ორგანიზატორები.

ადგილზე შეკრებილებს თან აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, ასევე, ბანერები რუსული კანონის საწინააღმდეგო წარწერებით.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.