კინოცენტრი წინა წლების გამარჯვებულ ავტორებს თანხას არ ურიცხავს

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი გასული წლების ფილმწარმოების კონკურსის გამარჯვებულებს კუთვნილ თანხას არ ურიცხავს, ნაწილს კი არ აწვდის ცნობას, რომ მათი ფილმი წარსულში ნამდვილად კინოცენტრმა დააფინანსა.

საუბარია პროექტებზე, რომლებმაც ბოიკოტის გამოცხადებამდე, ანუ 2023 სექტემბრამდე გაიმარჯვეს. კინოცენტრის რეორგანიზაციამდე გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებული კინემატოგრაფისტები ამბობენ, რომ პროექტებისთვის განკუთვნილი თანხის მოთხოვნაზე გაგზავნილ წერილებს კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კობა ხუბუნაიამ წერილობითვე უპასუხა. წერილში ხუბუნაია კინემატოგრაფისტებს შეახსენებს, რომ ისინი აგვისტოში ბოიკოტს შეუერთდნენ და მოითხოვს პოზიციის განმარტებას კინოცენტრთან ურთიერთობის შესახებ:

„თქვენ 2023 წლის აგვისტოს თვეში ხელმოწერით შეუერთდით ბოიკოტს, რომლის ფარგლებშიც თქვენ და სხვა მონაწილეებმა საჯაროდ უარი განაცხადეთ კინოცენტრთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაზე. ზემოაღნიშნული წერილით თქვენ ითხოვთ თანხის მიღებას პროექტის განხორციელების მიზნით. გთხოვთ, განგვიმარტოთ თქვენი პოზიცია კინოცენტრთან თანამშრომლობასა და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ კინოცენტრიდან კინემატოგრაფისტებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.

კინემატოგრაფისტებისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს 2023 წლის სექტემბრიდან ბოიკოტში ყოფნას იმ პროექტებთან, რომლებიც კონკურსში გასულ წლებში შეიტანეს და რატომ უნდა ახდენდეს წინა წლების პროექტებზე გავლენას ბოლო თვეებში კინოცენტრის გარეშემო განვითარებული მოვლენები და მათი პოზიცია ამ მოვლენებთან მიმართებით.

2023 წლის მარტში პროექტი „ქართლი“ (რეჟისორები თამარ კალანდაძე და ჟულიენ პებრელი) კინოცენტრის დოკუმენტური ფილმების წარმოების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და 64 972 ლარის დაფინანსება მოიპოვა. თუმცა როგორც ფილმის პროდიუსერი ქეთო ყიფიანი გვიყვება, კინოცენტრი თანხის ჩარიცხვას დღემდე აჭიანურებს.

„კონკურსის შედეგები გამოცხადდა გასული წლის მარტში, შედეგების გამოცხადების შემდეგ პროდიუსერებს ვალდებულება გვაქვს, რომ დამატებითი დოკუმენტები წარვადგინოთ. ეს დოკუმენტები ივნისში წარვადგინეთ და ზუსტად ამ დროს დაიწყო კინოცენტრში რეორგანიზაცია, რის გამოც მანამდე დაწყებული პროცესი შეჩერდა. ამ დროს ასევე დაიწყო კინომოძრაობა, რომელშიც აქტიურად ვიყავი ჩართული და შესაბამისად, მომდევნო რამდენიმე თვე კომუნიკაციაზე ინიციატივა არცერთი მხრიდან არ ყოფილა“, – ამბობს ქეთო ყიფიანი.

პროდიუსერმა ამ საკითხზე კინოცენტრთან კომუნიკაცია სექტემბერში განაახლა. ოქტომბრის დასაწყისში დამატებითი დოკუმენტების/შესწორებების წარდგენა მოსთხოვეს, რომლებიც, როგორც ქეთო ყიფიანი გვიყვება, დროულად წარადგინა. ამის შემდეგ, პროდიუსერმა რამდენიმეჯერ მიმართა კინოცენტრს, რათა გაეგო, რა ეტაპზე იყო პროექტი, თუმცა, დღემდე პასუხი არცერთ წერილზე არ მიუღია. რამდენიმე დღის წინ კი კობა ხუბუნაიამ მასაც მისწერა წერილი და სთხოვა, განემარტა პოზიცია ბოიკოტის შესახებ.

გამარჯვებული დოკუმენტური ფილმის პროექტმა, რომელიც ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების შესახებ მოგვიყვება, უკვე მოიპოვა საფრანგეთის კინოცენტრის დაფინანსება.

„ქართლის ცხოვრება“ (რეჟისორები თამარ კალანდაძე და ჟულიენ პებრელი)

„ფილმი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა და დაუსრულებლობის საფრთხის წინაშე  ფინანსური თვალსაზრისით არ დგას. ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ ფილმმა შეიძლება დაკარგოს ქართული ფილმის სტატუსი. იმისთვის, რომ ქართულად მიიჩნიონ ფილმი, მას უნდა ჰქონდეს ეროვნული კინოფონდის მხარდაჭერა“, – ამბობს ყიფიანი.

პროდიუსერის თქმით, ფილმისთვის პრობლემა იქნება კოპროდუქციების კონკურსში მონაწილეობა. გარდა ამისა, პროექტი შესაძლოა  ყველაზე დიდი ევროპული ფონდის კონკურსსაც გამოაკლდეს, რადგან კონკურსის პირობების თანახმად, ფილმს მიღებული უნდა ჰქონდეს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება.

ქეთო ყიფიანი „პუბლიკასთან“ ასევე განმარტავს, რას გულისხმობს 2023 წლის აგვისტოში კინემატოგრაფისტების მიერ გამოცხადებული ბოიკოტი, რომელსაც ხელს აწერს 450 კინემატოგრაფისტი:

„ბოიკოტის გამოცხადების ტექსტი, რომლითაც ჩვენ ბოიკოტში შევედით, ძალიან მკაფიოდ და ნათლად აყენებს ბოიკოტის პირობებს და ვადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ კინოცენტრთან თანამშრომლობაზე 2023 წლის სექტემბრიდან და იმ პროექტებში მონაწილეობაზე, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ გამოცხადდებოდა კინოცენტრში. ბოიკოტის პირობები, რა თქმა უნდა, არ ეხება მანამდე მიმდინარე პროცესებს, ასეთი რამე უბრალოდ არ არსებობს ბოიკოტების პრაქტიკაში“, – ამბობს ქეთო ყიფიანი.

მსგავსი პრობლემის წინაშე დადგა რეჟისორი სალომე ჯაში. როგორც გადაცემა „რეალური სივრციდან“ გახდა ცნობილი, რეჟისორი გასული წლის სექტემბრიდან უშედეგოდ მოითხოვს კოპროდუქციის დამადასტურებელ დოკუმენტს ფილმისთვის „მოთვინიერება“.

„მოთვინიერება“ არის შვეიცარიულ-გერმანულ-ქართული კოპროდუქცია, რომელიც დასრულდა 2021 წელს და მას აქვს მიღებული „ევრიმაჟის“ დაფინანსება. „ევრიმაჟი“ არის საერთო ევროპული კინოს ფონდი. იმისათვის, რომ ფილმის დოკუმენტაცია მათ დაასრულონ და საბოლოო ტრანში გადმორიცხონ ჩემს შვეიცარიელ, გერმანელ პარტნიორებთან და ჩვენს კომპანიაში, საჭიროა ოფიციალური დოკუმენტი – კოპროდუქციის სტატუსი. ამ სტატუსს გასცემს ეროვნული კინოცენტრი, ჩვენ ეს სტატუსი ერთხელ უკვე მივიღეთ, სანამ ფილმი დასრულდებოდა, როცა „ევრიმაჟისგან“ მივიღეთ დაფინანსება. ახლა ევრიმაჟი ისევ მოითხოვს ამ დოკუმენტს, ეს ბიუროკრატიის ნაწილია. [კინოცენტრის] ერთ-ერთი საერთაშორისო ვალდებულებაა, მათ შორის „ევრიმაჟთან“, რომ გასცეს კოპროდუქციის სტატუსი. თუმცა ეს პასუხი სექტემბრის შემდეგ არ მიმიღია“, – ამბობს სალომე ჯაში.

როგორც კინემატოგრაფისტთა პროფკავშირის წარმომადგენელი, რეჟისორი ნინო გოგუა გვიყვება, მსგავსი პრობლემით პროფკავშირს უკვე ხუთმა კინემატოგრაფისტმა მიმართა, თუმცა მისი თქმით, პრობლემა გაცილებით მასშტაბურია.

„კინოცენტრი, რომელიც არის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ფინანსდება საჯარო ფულით და აქვს ვალდებულებები მთელი საზოგადოების წინაშე, ავტორს სთხოვს  განმარტებას მისი პერსონალური პოზიციის შესახებ. თითქოს ბოიკოტი იყოს კინოცენტრთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება. კინოცენტრი, რატომღაც, დაინტერესებულია, გამოარკვიოს, რამდენად კარგად თუ ცუდად იცავს ავტორი ბოიკოტის წესებს. ეს ბოიკოტში მყოფ კინემატოგრაფისტს არ აყენებს არანაირი პროფესიული პასუხისმგებლობის წინაშე კინოცენტრთან, რომლის ვალდებულებაცაა, ხელი შეუწყოს ფილმების წარმოებას“, – ამბობს ნინო გოგუა.

მისივე თქმით კინემატოგრაფისტთა პროფკავშირში თავმოყრილ შემთხვევებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ კინემატოგრაფისტებისთვის შექმნილი დაბრკოლებების მიზეზი პოლიტიკურია.

„ერთმნიშვნელოვნად ჩანს პოლიტიკური სარჩული. პროტესტისა და ბოიკოტის მონაწილეები ვეღარ ახერხებენ პროექტებისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვებას. ფაქტი, რომ კინოცენტრი მოითხოვს მათგან წერილობით დასტურს იმის შესახებ, არიან თუ არა ისინი ბოიკოტში, ეს ადასტურებს ჩვენს ამ ეჭვს.  ავტორის ბოიკოტში ყოფნა არის წინაპირობა იმისა, რომ კინოცენტრმა გამოავლინოს შერჩევითი ქცევა“, – ამბობს ნინო გოგუა.

„პუბლიკამ“ ამ საკითხებზე შეკითხვით მიმართა ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუმცა მისგან პასუხი არ მიგვიღია.

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაცია 2023 წლის ივნისში გამოცხადდა, მას შემდეგ ორგანიზაციას ფილმწარმოების დაფინანსების კონკურსი არ გამოუცხადებია, დებულების მიხედვით კი, კინოცენტრის მოვალეობაა, ხელი შეუწყოს ეროვნული ფილმების წარმოებას.