კინოინდუსტრიის წარმომადგენლები პარლამენტს მიმართავენ

პუბლიკა

ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები პარლამენტს ღია წერილით მიმართავენ და ითხოვენ პროცესში თანამონაწილეობას, რათა ევროკომისიის რეკომენდაციები „მაუწებლობის შესახებ კანონში“ დროულად (31 მაისამდე) აისახოს.

„მოგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვლიდან საქართველო არის ევროკავშირის კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური ინდუსტრიების მხარდამჭერი პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ წევრი. ამასთან საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მიხედვით ყველაზე წარმატებულ ქვეყანას წარმოადგენს. 

MEDIA ქვეპროგრამაში, ისევე, როგორც ინტერ სექტორულ მიმართულებაში საქართველოს მონაწილეობის გაგრძელების საკითხი მთლიანად დამოკიდებულია „აუდიოვიზუალური მედია სერვისების შესახებ ევროპული საბჭოს დირექტივასთან “(AVMSD 2010/13/EU) საქართველოს თავსებადობაზე, რის თაობაზეც ევროკომისიისთვის მტკიცებულების წარდგენა 2023 წლის 31 მაისამდე უნდა მოხდეს“, – აღნიშნავენ განცხადების ხელმომწერები.  

კინოინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ MEDIA-ქვეპროგრამის სრული წევრობა ქართულ კინო და აუდიოვიზუალურ ინდუსტრიას მისცემს სამომავლო განვითარების ძალიან დიდ პერსპექტივას და ხელს შეუწყობს მის სრულფასოვან ინტეგრაციას თანამედროვე ევროპულ და საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში. 

„გამომდინარე იქიდან, რომ განახლებული დოკუმენტის წარსადგენად ძალიან მცირე დროა, ჩვენ, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა არ დავკარგოთ ქართული კინო და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის განვითარების შანსი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, 2015-2020 წლებში პროგრამის დაფინანსებით საქართველოში განხორციელდა 33 წარმატებული პროექტი. ხოლო ახალი პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა 2021-2027“ პირველივე წელს დაფინანსება 6 ქართულმა პროექტმა მოიპოვა. 

„გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ დირექტივის განხორციელება საქართველოს არა მარტო MEDIA ქვეპროგრამის  ნაწილობრივ წევრობას შეუნარჩუნებს, არამედ საშუალებას მისცემს გახდეს ქვეპროგრამის სრული წევრი, რისკენაც უკვე წლებია მივისწრაფვით  ქართული კინო ინდუსტრიის პროფესიონალები“, – წერია განცხადებაში.

განცხადების სრული ტექსტისა და ხელმომწერთა სიის სანახავად იხილეთ ბმული.