კინოთეატრ „ამირანთან“ პოლიციაა მობილიზებული

ლიკა ზაკაშვილი

თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა დაიწყოს, პოლიციაა მობილიზებული. კინოჩვენება დღეს 19:30 და 22:00 საათზე გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – კახა ბუხრაძემ დღეს დაგეგმილი კინოსეანსების  დაწყებამდე  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„უკვე მესამე დღეა, კინოთეატრებთან პოლიცია იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას. დღესაც ადგილზე იმყოფებიან კინოლოგიისა და განაღმვის სამსახურები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. კიდევ და კიდევ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ორგანიზატორებს, ასევე, აქციაში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიმე  სამართალდარღვევისას, პოლიცია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ  ღონისძიებებს“, – განაცხადა კახა ბუხრაძემ.