6 მაისს იუსტიციის სამინისტრომ გარდაცვლილი პატიმართან, იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაავრცელა. უწყება ამბობს, რომ სრული ვიდეომასალა (14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით) დაახლოებით 220 საათია და ასაჯაროებენ „მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს“.
სამინისტროს თქმით, ვიდეოს მიხედვით „ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია“. გამოქვეყნებული დამონტაჟებული ვიდეო დაახლოებით ნახევარსაათიანია, მასში ნაწყვეტებად ასახულია 21, 22 და 23 იანვრის გარკვეული პერიოდები.
გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია „პუბლიკას“ ეუბნება, რომ მოითხოვენ კადრების სრულად გამოქვეყნებას. გარდა ამისა, მისი თქმით, გავრცელებული ჩანაწერიდანაც ჩანს, რომ პატიმარი უგონო მდგომარეობაში გადაჰყავთ კლინიკაში:
„ეს კადრები მათ სასარგებლოდ არ არის. უბრალოდ, სრული კადრები იძლევა საფუძველს იმის თქმისას, ეს ფაქტი [ფიზიკური ძალადობა] მოხდა საკანში, თუ საკანს გარეთ, თუ გაიყვანეს ეს ადამიანი და ასე შემდეგ. ამის თქმის საფუძველს მოგვცემს, იმიტომ, რომ ხომ შეიძლება წინა დღეს გაეყვანათ?!
ადამიანი თავის დაზიანებებს როდესაც იღებს, ის შეიძლება მეორე დღეს გახდეს ცუდად. თავი ისეთი რამეა, რომ ეგრევე კი არ ხდება ცუდად, შეშუპება იწყება ტვინის, შესაბამისად, მერე ხდება ცუდად. […] აი, პირობითად – ტელეფონზე დარეკვის მომენტი რომ არის, მერე აჩვენებენ საკანში შეყვანის მომენტს, 20 წუთია სხვაობა, იმ გზაზე ხომ შეიძლება ვინმეს ეცემა, გამოაქვეყნონ დარეკვიდან საკანში შესვლამდე სრულად“.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, 23 იანვარს, 14:51 საათზე გორგაძე საკაცით გამოჰყავთ საკნიდან, მას ხელი საკაციდან უვარდება, ბადრაგი პატიმრის ხელს იღებს და მას გულ-მკერდის არეზე ადებს.
სავარაუდოა, რომ ამ დროს გორგაძეს გონება დაკარგული აქვს, ან ვერ ახერხებს სხეულის კონტროლს.
ვიდეოს კიდევ ერთ ნაწილში, რომლის მიხედვითაც გორგაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფს კლინიკა „ვივამედში“ შეჰყავს, ჩანს, რომ პატიმარი წელს ზემოთ შიშველია, მას ერთი ხელი თავზე აქვს მიდებული, მოგვიანებით ის თავს ატრიალებს და მეორე ხელსაც თავზე იდებს.
კადრებში ასევე ჩანს, რომ კლინიკაში ლიფტში შეყვანამდე სამედიცინო პერსონალი მას ხელით უსინჯავს მარცხენა წარბს. კადრების მიხედვით, გორგაძეს, სავარაუდოდ, ხილული დაზიანებები არ უნდა ჰქონოდა.
ადვოკატი გვეუბნება, რომ ნანახი აქვს პენიტენციურის კადრები, სადაც ჩანს, რომ გორგაძეს სიწითლე და სისხლნაჟღენთი ჰქონდა. მისი თქმით, ვიდეო მასალა სრულ სურათს ვერ დახატავს და ეს შეუძლია ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც გასცემს კითხვას პასუხს, შესაძლოა თუ არა სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში ადამიანს ასეთი დაზიანებები მიეღო.
„როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდა დაახლოებით 30-მდე მოტეხილობა სახის ძვლებიდან დაწყებული, თავის ძვლები. ზურგით არის დაცემული ერთხელ და გაითიშაო, დაკარგა გონება, ცხვირის ძვალი როგორ მოიტეხა?! თვალბუდე როგორ მოიტეხა?! ან ამდენი დაზიანება ერთი დაცემით შეიძლება მიღებულიყო?! ამაზე არავინ არ ლაპარაკობს“, – ამბობს წულაია.
მისი ვერსიით ცემა „პროფესიონალურად შესრულდა“, რაც ნიშნავს, რომ დაზიანებები სხეულზე არ უნდა გამოჩენილიყო. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომ ე.წ. ფორმა 100 წარმოადგენს, კლინიკის საბოლო დასკვნას და დოკუმენტს, სადაც ასახულია ყველა დიაგნოზი, როგორც თანმხლები, ასევე მკურნალობის პროცესში განვითარებული გართულებები, ღურწკაია პასუხობს, რომ კლინიკამ შესვლისთანავე დასვა მრავლობითი მოტეხილობების დიაგნოზი.
„ვივამედის“ კლინიკა ამბობს, რომ თავის ქალა ამ ადამიანს არ უვარგა, ვინ არის მართალი?! „ვივამედი“ თუ ციხე?… პირველ დღეს, შესვლისთანავე დიაგნოზი დაუსვეს თავის მრავლობითი მოტეხილობები, „ვივამედში“ თავს დაუმტვრევენ ამ კაცს?! უბრალოდ არალოგიკურია. […] ინსულტით გადმოიყვანა ციხემ და „ვივამედმა“ დაწერა თავის ფორმა 100-ში რომ ინსულტი არ არისო, ვის დავუჯერო? რომელია სწორი“, – ამბობს ის.
საჯაროდ გავრცელებულ „დოკუმენტში მითითებულია, რომ იოსებ გორგაძეს „ვივამედში“ შეყვანისას ჰქონდა: მწვავე ეპიდურული ჰემატომა; ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია; თავის ტვინის კეროეანი ტრავმა; სუბდურული ჰემატომა; ქალა-სარქვლის მოტეხილობა; თავის ზედაპირული ტრავმა; თვალისა და თვალბუდის სხვა ტრავმები.
საქმეში არაა გორგაძის ჩვენება, რადგან ყველა მხარე აღნიშნავს, რომ ის კლინიკაში შეყვანის შემდეგ კონტაქტური არ ყოფილა. „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე გვიდასტურებს, რომ მიმართვის დიაგნოზი ინსულტი იყო, რაც კვლევების შემდეგ, გამორიცხეს.
„ჩვენ გაცემული გვაქვს ამასთან დაკავშირებით ფორმა 100, სადაც ჩატარებული კვლევების საფუძველზე, როდესაც პაციენტი შემოვიდა, იმავე დღეს ჩატარებული კვლევების საფუძველზე ჩვენი კლინიკის მიერ გამოტანილ იქნა ის დიაგნოზები, რაც მითითებულია ფორმა 100-ში, შესაბამისად, ინსულტი გამოირიცხა როგორც ინსტრუმენტალური კვლევით – აქ იგულისხმება კტ (CT) კვლევა თავის, ასევე ნევროლოგის მიერ“.
ის ასევე გვეუბნება, რომ პატიმარს ხილული დაზიანებები ჰქონდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ურთქმელიძეს ნათქვამი აქვს, რომ კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, „რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცით გვერდით მყოფ რკინის მაგიდას“.
„სახის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა ნამდვილად, როგორი იყო მექანიზმი ტრავმის განვითარების, ეს უნდა შეაფასოს სამედიცინო ექსპერტმა, ამ დასკვნის საფუძველზე. ჩვენ დასკვნაში საუბარია სახის ძვლების დაზიანებებზე, ქალა სარქვლის მოტეხილობაზე, ფუძის ძვლების მოტეხილობაზე (კისრის არეა) თვალ ბუდის ტრავმებზე, თვალის ტრავმაზე, ეს უნდა შეაფასოს ექსპერტმა“, – ამბობს ჩხაიძე.
ადვოკატი გვეუბნება, რომ დაცვის მხარის მოთხოვნით, ექსპერტიზა ჩატარდა ალექსანდრე გეჯაძის საექსპერტო ბიუროში, დასკვნა კი ამბობს, რომ სიმაღლიდან ვარდნა ვერ გამოიწვევდა იმგვარ დაზიანებებს, როგორიც პატიმარს ჰქონდა:
„ჩემი კითხვა იყო, რომ ადამიანის სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში შეიძლებოდა თუ არა ამ დაზიანებების მიღება და პირდაპირ გაეცა პასუხი – არაო. თანამესაკნე ამბობ ჩვენებაში, რომ შევიდა საპირფარეშოში, კარები მიხურაო, გონება დაკარგა, წამოვიდა ეგრევე მოწყვეტითო, თავი დაარტყა კიბეა იქ ბეტონსო, თავი დაარტყა, გაითიშა და შემდეგ კონტაქტი არ ჰქონია არავისთან. ბადრაგებს დაუძახეს და უგონო მდგომარეობაში გაიყვანეს საკნიდან. ერთ წაქცევაზეა იქ საუბარი ჩვენებაში, ეს გავაბათილე ექსპერტიზის დასკვნით, თვითონ არ დანიშნეს. ყველა მტკიცებულება, ფორმა 100-ები მე გამაჩნია და ვინ არის ახლა მართალი, რა ვიცი“.
ადვოკატს არ აქვს ვერსია, ვინ შეიძლებოდა ფიზიკურად გასწორებოდა პატიმარს, მისი თქმით, გორგაძე უკონფლიქტო ადამიანი იყო და ციხეში ჩხუბი არ მოსვლია. მისივე თქმით, პრობლემაა, რომ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ ხდებოდა და სრული ვიდეო მასალის ნახვის შემდეგაც კი შეიძლება კითხვები მაინც დარჩეს.
ვცადეთ გაგვერკვია რატომ არ იყო კამერა გორგაძის საკანში. „პუბლიკას“ ზარებს პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში არ უპასუხეს, იუსტიციის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ კითხვებით პენიტენციური სამსახურისთვის ოფიციალურად მიგვწერე და პასუხს მოამზადებენ. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ადვოკატი მუხრან ღურწკაია იანვარში ამბობდა, რომ იოსებ გორგაძეს სახეზე 37 მოტეხილობა ჰქონდა. ადვოკატი ასევე ამბობდა, რომ იოსებ გორგაძე ნაწამებია, თუმცა არ იცოდნენ, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს.
პენიტენციურმა სამსახურმა იანვარში განაცხადა, რომ გლდანის ციხეში შესახლების დღიდან ბრალდებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, 23 იანვარს იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა არტერიული წნევა და გადაიყვანეს „ვივამედში“.
პენიტენციური სამსახური არაფერს ამბობდა პატიმრის მოტეხილობების შესახებ. 5 მაისს გავრცელებულ განცხადებაში კი მიუთითა, რომ „გამოძიებამ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დაადასტურა”.
5 მაისსვე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა, რომ 23 იანვარს იოსებ გორგაძე საკანში უგონო მდგომარეობაში ნახეს, „ნანახი იყო იატაკზე. სავარაუდოდ, დაეცა“, ეჭვი მიიტანეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. მისი განცხადებით, გარდაცვალების რეალური მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
5 მაისსვე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „როგორც გაირკვა, საკანში, სადაც გორგაძე იყო მოთავსებული, არ მიმდინარეობდა ვიდეომეთვალყურეობა“. ომბუდსმენმა მიუთითა, რომ აუცილებელია, ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მრავლობითი დაზიანებების წარმომავლობის შესახებ კითხვებს.
იოსებ გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2024 წლის ოქტომბერში მომხდარი ავარიის შემდეგ მოათავსეს – ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატის თქმით, ავარია გაუფრთხილებლობამ გამოიწვია.