იოსებ გორგაძის ძმა შურისძიების მოტივს გამორიცხავს და ბრალს პენიტენციურ სამსახურს სდებს

პუბლიკა

იოსებ გორგაძის ძმა, შოთა გორგაძე ამბობს, რომ შურისძიების მოტივს გამორიცხავს და მისი ძმის სიკვდილში ბრალს პენიტენციურ სამსახურს სდებს.

„მეათე სართულიდან რომ გადმოვარდეს, იმ დონის ტრავმებს ვერ მიიღებს ადამიანი, რა დონის ტრავმებიც მას ჰქოდა მიღებული. ეს არის სპეციალურად დაგეგმილი და განხორციელებული პენიტენციური სამსახურის მიერ. პენიტენციური სამსახური იყო ვალდებული, ჩემი ძმა დაეცვალ. შეუძლებელია, შურიძიების მიზნით ციხეში გამომწყვდეული ადამიანისთვის ეს გაეკეთებინათ. მით უმეტეს, პატიმარი ამას ვერ გააკეთებდა. თავიანთი დანაშაული უნდათ, რომ დაფარონ და ჩემი ძმის ნაცვლად ვიღაც უდანაშაულო უნდათ, რომ გაწირონ კიდევ”. – თქვა შოთა გორგაძემ „ტვ პირველის” ეთერში.

მისი განცხადებით, საეჭვო ფაქტია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ადვოკატს და ოჯახის წევრებს არ შეატყობინა იოსებ გორგაძის საავადმყოფიში გადაყვანის შესახებ და მათ ეს ამბავი თანამესანკისგან შეიტყვეს.

„სასაცილოა, ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდეს და 27 მოტეხილობა მიიღოს თავის არეში. კარგი, თუ ასე იყო, 48 საათის შემდეგ ადვოკატს ურეკავს თანასაკნელი და ეუბნება, საავადმყოფოში გადაიყვანეს იოსებ გორგაძე და როგორ არისო. ეს საეჭვო ფაქტი თუ არ არის, არც ადვოკატს, არც ოჯახს არ გაცნობეს და თანასაკნელი ურეკავს ადვოკატს”. – თქვა შოთა გორგაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პატიმარი მის ძმას ფიზიკურად ვერ გაუსწორდებოდა და მისი ძის ცემაში ბრალი დასდო პენიტენციურ სამსახურს, ასევე ბოდიში მოუხადა იმ ადამიანების ოჯახებს, იოსებ გორგაძის ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

„გამოვრიცხავ, პატიმარი ამას ნამდვილად ვერ შეასრულებდა. არც შურისძიების მოტივი არ იქნება.

მართლაც უმძიმესი ტრაგედია იყო ის, რაც ჩემს ძმას მოუვიდა და მე სიტყვებს ვერ ვპოულობ იმ ადამიანებისთვის სათქმელს. ჩემი ერთადერთი სათქმელი ეს იყო – ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მათი ოჯახები, მე 24 საათი ვლოცულობ. დაჩოქილი ვუხდი ბოდიშს მათი ოჯახის წევრებს, დიდი ბოდიში.

დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს ძმას გაუსწორდნენ პენიტენციურის თანამშრომლები”.- თქვა შოთა გორგაძემ.

იოსებ გორგაძე, რომელიც იანვარში გლდანის მერვე დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებით 23 იანვარს გადაიყვანეს, 4 მაისს გარდაიცვალა.

კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ ინფორმაცია 29 იანვარს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის წევრები და ახლობლები გლდანის ციხესთან შეიკრიბნენ. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ პატიმარს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ციხის ადმინისტრაციისგან ინფორმაციას მოითხოვდნენ.

მათივე განცხადებით, ოჯახისთვის გორგაძის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ არავის უცნობებია – თანამესაკნემ შეატყობინა ადვოკატს და შემდეგ ადვოკატი დაუკავშირდა მათ.

ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მაშინ თქვა, რომ გორგაძეს სახეზე 37 მოტეხილობა ჰქონდა. ადვოკატი ასევე ამბობდა, რომ იოსებ გორგაძე ნაწამებია, თუმცა არ იცოდნენ, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს.

პენიტენციურმა სამსახურმა იანვარში განაცხადა, რომ გლდანის ციხეში შესახლების დღიდან ბრალდებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, 23 იანვარს იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა არტერიული წნევა და გადაიყვანეს „ვივამედში“.

პენიტენციური სამსახური არაფერს ამბობდა პატიმრის მოტეხილობების შესახებ.

დღეს, 5 მაისს, გავრცელებულ განცხადებაში კი მიუთითა, რომ „გამოძებამ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დაადასტურა”.

დღესვე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა, რომ 23 იანვარს იოსებ გორგაძე საკანში უგონო მდგომარეობაში ნახეს, „ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ, დაეცა”, ეჭვი მიიტანეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

მისივე თქმით, კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, „რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცით გვერდით მყოფ რკინის მაგიდას. კლინიკაში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძის ძვლების დაზიანებები”.

ურთქმელიძის განმარტებით, კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო ინტრაპარერქიმული, უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.

მალხაზ ურთმელიძე ასევე გამოეხმაურა ადვოკატის და ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ დოკუმენტს, რომელიც 23 იანვრის მდგომარეობით იოსებ გორგაძის დიაგნოზებს ასახავს და მიუთითა, „ამ დოკუმენტში ასახულია ყველა დიაგნოზი, როგორც თანმხლები, ასევე მკურნალობის პროცესში განვითარებული გართულებები”.

„თქმა, რომ შესვლისას იყო ეს დიაგნოზები, რა თქმა უნდა აბსურდია”. – თქვა ურთქმელიძემ.

მისი განცხადებით, გარდაცვალების რეალური მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

5 მაისსვე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „როგორც გაირკვა, საკანში, სადაც ურთქმელიძე იყო მოთავსებული, არ მიმდინარეობდა ვიდეომეთვალყურეობა”.

ომბუდსმენმა მიუთითა, რომ აუცილებელია, ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მრავლობითი დაზიანებების წარმომავლობის შესახებ კითხვებს.

იოსებ გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2024 წლის ოქტომბერში მომხდარი ავარიის შემდეგ მოათავსეს – ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატის თქმით, ავარია გაუფრთხილებლობამ გამოიწვია.