იოსებ გორგაძე, რომელიც იანვარში გლდანის მერვე დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებით გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას „პუბლიკასთან“ ადასტურებს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი.
მისი თქმით, ლეტალური შედეგი თავის ტვინის ტრავმის შედეგად განვითარდა.
„გარდაცვალების მიზეზი და სხვა დანარჩენი შეგიძლიათ, მოიკითხოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტში. პენიტენციურ დაწესებულებას როცა ეხება, ინფორმაციას გასცემენ ისინი. გუშინ გარდაიცვალა საღამოს 20:00-ზე. იანვრის შემდეგ ძირითადად იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ჩვენთან შემოვიდა დაზიანებების დიაგნოზით. დაზიანებების მიზეზი გამოძიების პრეროგატივაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
იოსებ გორგაძის კლინიკაში მოთავსების შემდეგ გამოძიებას იუსტიციის სამინისტრო აწარმოებდა, ახლა კი სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაერთო.
უწყება გამოძიებას აწარმოებს მუხლით, რომელიც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
იოსებ გორგაძის შესახებ ინფორმაცია 29 იანვარს გავრცელდა, როცა გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებასთან პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს.
ახლობლები აცხადებდნენ, რომ გორგაძე სასტიკად იყო ნაცემი და აინტერესებდათ, ვინ გაუსწორდა მას.
„არ ვიცით, ეს უბედური შემთხვევა იყო თუ ვინმემ გამიზნულად გააკეთა. დაზიანებები ისეთია, რომ დიდი ალბათობით, განზრახ მიყენებული ზიანია. გვაინტერესებს, ასეა თუ არა. ვითხოვთ ამაზე პასუხს. რა ინფრმაციაც მაქვს, აქვს თავის ქალა გატეხილი, ყელზე არის ისეთი ჭრილობები, თითქოს ახრჩობდა ვიღაც”, – განაცხადა 29 იანვარს ერთ-ერთმა მეზობელმა.
საქმეში ჩართული იყო სახალხო დამცველი.
„სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა“, – ნათქვამი იყო ომბუდსმენის 29 იანვრის განცხადებაში.
შემთხვევის შესახებ 29 იანვარსვე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გლდანის ციხეში შესახლების დღიდან ბრალდებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, 23 იანვარს იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა არტერიული წნევა და გადაიყვანეს „ვივამედში“.