სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შეისწავლის კლინიკა „ვივამედში” პატიმრის გარდაცვალების საკითხს, გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით.
იოსებ გორგაძე, რომელიც იანვარში გლდანის მერვე დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებით 23 იანვარს გადაიყვანეს, 4 მაისს გარდაიცვალა. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ ინფორმაცია 29 იანვარს გავრცელდა მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის წევრები და ახლობლები გლდანის ციხესთან შეიკრიბნენ.
ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ პატიმარს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ციხის ადმინისტრაციისგან ინფორმაცია მოითხოვეს.
ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მაშინ თქვა, რომ გორგაძეს სახეზე 37 მოტეხილობა ჰქონდა. ადვოკატი ასევე ამბობდა, რომ იოსებ გორგაძე ნაწამებია, თუმცა არ იცოდნენ, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს.
პენიტენციურმა სამსახურმა იანვარში განაცხადა, რომ გორგაძე გლდანის ციხეში შესახლების დღიდან ბრალდებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, 23 იანვარს იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა არტერიული წნევა და გადაიყვანეს „ვივამედში“. პენიტენციური სამსახური არაფერს ამბობდა პატიმრის მოტეხილობების შესახებ.
სახალხო დამცველმა დღევანდელ განცხადებაში თქვა, რომ მისი წარმომადგენელი პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით კლინიკაში იმყოფებოდა.
ასევ შეხვდა იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, „საიდანაც დაშავებული ბრალდებული კლინიკაში გადაიყვანეს”.
ომბუდსმენის წარმომადგენელმა პატიმართან გასაუბრება, მისი მდგომარეობის გამო ვერ მოახსრხა.
„სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს”. – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და განაცხადა, რომ გამოძებამ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დაადასტურა.
„ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, „ლეტალური შედეგი თავის ტვინის ტრავმის შედეგად განვითარდა”. მისივე თქმით, იანვრის შემდეგ იოსებ გორგაძე კლინიკაში შეყვანის დროიდან კომაში იყო.
„გუშინ გარდაიცვალა საღამოს 20:00-ზე. იანვრის შემდეგ ძირითადად იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ჩვენთან შემოვიდა დაზიანებების დიაგნოზით. დაზიანებების მიზეზი გამოძიების პრეროგატივაა“. – თქვა ზურაბ ჩხაიძემ დღეს, 5 მაისს.