სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ ურთქმელიძე გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის საქმესთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს აკეთებს, რომელსაც პენიტენციურის პრესსამსახური ავრცელებს.
ურთქმელიძის განცხადებით, 23 იანვარს იოსებ გორგაძე საკანში უგონო მდგომარეობაში ნახეს, „ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ, დაეცა”, ეჭვი მიიტანეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
მისივე თქმით, კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, „რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცით გვერდით მყოფ რკინის მაგიდას. კლინიკაში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძის ძვლების დაზიანებები”.
ურთქმელიძის განმარტებით, კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო ინტრაპარერქიმული, უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.
მალხაზ ურთქმელიძის კომენტარს სრულად გთავაზობთ:
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით გვსურს გავაკეთოთ დამატებითი განმარტებები.
როგორც უკვე გაჟღერდა, ამა წლის 23 იანვარს საკანში ბრალდებულს აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა, უგონო მდგომარეობაში იგი ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ, დაეცა, სხვა დამატებითი დეტალები გამოძიების საგანია. გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გარეგანი დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ეჭვი იქნა მიტანილი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
შეყვანისას დაფიქსირებულ იქნა, მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცით გვერდით მყოფ რკინის მაგიდას.
კლინიკაში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძის ძვლების დაზიანებები. ანუ, მხოლოდ და მხოლოდ მაღალტექნოლოგიური კვლევებით იქნა ნანახი აღნიშნული დაზიანება. ვიზუალურად, რა თქმა უნდა, აღნიშნული დაზიანებები არ ვლინდებოდა.
ერთი საინტერესო დეტალიც, იგივე კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო აგრეთვე ინტრაპარერქიმული, ანუ უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.
ახლა რაც შეეხება, პრესაში გაჟღერებულ და გამოაშკარავებულ ე.წ. დიაგნოზებს – სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ ე.წ. ფორმა100 წარმოადგენს, კლინიკის საბოლო დასკვნას, დოკუმენტს, სადაც ასახულია ყველა დიაგნოზი, როგორც თანმხლები, ასევე მკურნალობის პროცესში განვითარებული გართულებები. თქმა, რომ შესვლისას იყო ეს დიაგნოზები, რა თქმა უნდა აბსურდია.
საბოლოო დასკვნა, ისევე როგორც გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ასევე გამოძიების დამთავრების შემდეგ. ამიტომ ყველა ვთხოვ, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისაგან. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით”, – ამბობს ურთქმელიძე.
იოსებ გორგაძე, რომელიც იანვარში გლდანის მერვე დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებით 23 იანვარს გადაიყვანეს, 4 მაისს გარდაიცვალა.
პენიტენციურმა სამსახურმა იანვარში განაცხადა, რომ გლდანის ციხეში შესახლების დღიდან ბრალდებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, 23 იანვარს იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა არტერიული წნევა და გადაიყვანეს „ვივამედში“. პენიტენციური სამსახური არაფერს ამბობდა პატიმრის მოტეხილობების შესახებ.
დღეს, 5 მაისს, გავრცელებულ განცხადებაში კი მიუთითა, რომ „გამოძებამ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დაადასტურა”.