კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებული პატიმრობაში რჩება

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებული  სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

„პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, დაცვის მხარე მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას. რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამასთან, დაცვის მხარე არ ეთანხმება ბრალდების მხარის კვალიფიკაციას წარდგენილ მუხლზე.

„წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ“, – განაცხადა სხდომაზე ბრალდებულმა ბიძინა ჩაჩხიანმა.


ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის აქვს წარდგენილი, „ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ”.

შემთხვევა „კლუბ ბასიანთან” 12 იანვარს მოხდა.

„კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა”, – წერდა facebook-ზე „ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.