„დამიზნებით არ ისროდა“ – კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე არ ეთანხმება ბრალდების ბრალდებულის მიმართ წაყენებული მუხლის კვალიფიკაციას. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმაც განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის აქვს წარდგენილი, „ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ”.

როგორც „პუბლიკასთან“ ბიძინა ჩაჩხიანის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, პროკურატურის მტკიცებულებებითაც კი დასტურდება, რომ ბრალდებული დამიზნებით არ ისროდა.

„ორი დაიჭრა და ორივეზე ექსპეტიზა ამბობს, რომ „რიკოშეტით” [ანასხლეტი] აქვს მორტყული. აბა, ერთი ტყვიის გულა მაჩვენებთ, რომელიც დამიზნებით არის მორტყმული. ამისთანა რამეს საქმეში ვერ ნახავთ”, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს (მოწმეთა გამოკითხვის ოქმები), რომელიც დღეს სასამართლომ დასაშვებად ცნო, ადვოკატის თქმით, ეს ოქმები ეხება ბრალდებულის პიროვნებას და იმ მონაცემებს, რაშიც მას სდებენ ბრალს – სროლის საკითხს, სანადირო იარაღის გამოყენების სპეციფიკას.

„ასეთ იმ ფაქტორებს, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხაზს უსვამენ იმას, რომ ჩაჩხიანს რომ სდომებოდა, ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას განახორციელებდა (განზრაზ მკვლელობის მცდელობას), მაგრამ არ განუხორციელებია”, – ამბობს „პუბლიკასთნ” საუბრისას ადვოკატი.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, რატომ არ ეთანხმება დაცვის მხარე საქმის კვალიფიკაციას, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს. ის მხოლოდ აცხადებს, იმას, რომ „მომხდარ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს კვალიფიკაციასთან”.

„ეს დაცვის ტაქტიკაა, რაც შემდგომში უნდა გავშალოთ. ამიტომ, უნებლიეთ, შეიძლება ამ კომენტარით მე დავარღვიო ბრალდებულის ინტერესები, რომ ვთქვა კონკრეტული ფაქტორები, რის გამოც შეიძლება მერე ბრალდებამ დაიჭიროს თადარიგი და მოემზადოს ამისთვის”, – ამბობს ადვოკატი.


შემთხვევა „კლუბ ბასიანთან” 12 იანვარს მოხდა.

„კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა“, – წერდა facebook-ზე „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო წერდა, ბრალდებული თავისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს და მისი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია „დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა“.

შსს განცხადებაში წერდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბი „ბასიანის“ შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაჭრა 3 პირი და ადგილიდან მიიმალა.