კობახიძე: არჩევნების დანიშვნაზე ზურაბიშვილის განცხადება იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სალომე ზურაბაშვილის გუშინდელი განცხადების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე გააკეთებს განცხადებას, ის სისხლის სამართლის კოდექს დაარღვევს, რომელიც ასეთი ქმედებისთვის „თავისუფლების აღკვეთის სახით მრავალწლიან სასჯელს ითვალისწინებს“

კობახიძე ამბობს, რომ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე განცხადება „კომიკურთან ერთად, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება“

„ისტერიულ ფონზე, გუშინ, სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, მათ შორის NGO-ების წარმომადგენლებიც იყვნენ, გაიმართა შეხვედრა.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ სერიოზული მსჯელობა ჰქონდათ არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. რეალურად, შეიკრიბნენ იმ განზრახვით, რომ მას უნდა დაენიშნა საპარლამენტო არჩევნები. შედგა ბრიფინგი და ნახეთ, რომ ეს ინიციატივა ამ ბრიფინგზე არ გაჟღერდა. ნახეთ, რომ ვიღაც ჭკვიანმა, სალომე ზურაბიშვილს ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა.

რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, აქ სამართლებრივად მარტივად არის საქმე, არჩევნების დანიშვნას აქვს სამი კონკრეტული საფუძველი ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით.

რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს.

თქვენ იცით, რომ ცესკომ შეაჯამა არჩევნების შედეგები, სასამართლოშიც განხილული იქნა ყველა საჩივარი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თავად სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურ პარტიებთან და ენჯეოებთან ერთად და საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა. შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად.

რაც შეეხება მორიგ არჩევნებს, მორიგი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც პარლამენტს ამოეწურება ოთხწლიანი ვადა. ცხადია, რომ ეს საფუძველიც არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნები კონსტიტუციის თანახმად ინიშნება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ნდობას არ უცხადებს მთავრობის შემადგენლობას. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად, ეს მესამე საფუძველიც არ არის სახეზე.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შესაბამისი განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური, თუმცა კომიკურთან ერთად ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, თავისუფლების აღკვეთის სახით, ვიღაც ჭკვიანმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს, ეს არ გაეკეთებინა, მან საბოლოო ჯამში, ითხოვა ერთი დღე, დღეს 21:00 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისათვის.“, – განაცხადა კობახიძემ.


გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გამართა.

ზურაბიშვილის თქმით, „როცა ხელისუფლებისა და არჩევნების მიმართ ნდობა არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა ახალი არჩევნების დანიშვნაა“.

„ჩვენ გადავდივართ ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნის, რასაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ პირობებში არ შეიძლება, რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა. ყველა ქვეყანაში, რომელსაც გამოუვლია ასეთი კრიზისი, ყველამ იცის, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ამისთვის დავსახეთ, მე ვიტყოდი, შეტევის სტრატეგია, სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, აქ შიგნით, სამართლებრივად, რათა ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცბად დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული.

უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მოკლე გზაზე. და მივდივართ მოკლე გზით. ეს არის სიახლე ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. დიდი დრო აღარაა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.