ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი დავითაძის საქმეზე პროკურატურის გამოძიებით „ყველაფერს ნათელი მოეფინა“.
„ჩვენი ხელწერა პირველ რიგში არის ძალიან ცხადი. ჩვენი ხელწერა არის ის, რომ ადამიანის უფლებები უნდა დაცული იყოს ყველგან და ყველას მიმართ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პარტიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს მას ჩადენილი – ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველგან განუხრელად დაცული და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბატონი დავითაძის მიმართაც.
თუმცა ასეთ დროს ჩვენ ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებებიც, ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა ყველაფერს მოეფინა ნათელი, ძალიან მარტივად ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის საქმის გამოძიება დაასრულა. მათი მტკიცებით, დეესკალაციის ოთახში „გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.“ უწყებამ გამოძიება შეწყვიტა.
როგორც პროკურატურა წერს, 2025 წლის 21 დეკემბერს გიორგი დავითაძემ საკნის გეგმიური შემოწმების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, იმუქრებოდა თვითდაზიანებით და მორიგე განწესის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფით. ამის გამო დავითაძე დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს.
პროკურატურის განცხადებით, გიორგი დავითაძე დეესკალაციის ოთახში კვლავ აგრძელებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო აგრესიული.
უწყება წერს, რომ მისი პირადი შემოწმების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა, კერძოდ დაწესებულების სამმა თანამშრომელმა ბრალდებული გააკავეს, „ერთ-ერთმა მათგანმა გ.ვ.-მ გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით.“
„შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალო-დეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია“, – ამტკიცებს პროკურატურა.
უწყების განცხადებით, დეესკალაციის ოთახში მომხდარიდან 5 დღეში მსჯავრდებული სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულა – პროკურატურა ირწმუნება, რომ გიორგი დავითაძეს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან „გაუპატიურების ფაქტი არ უხსენებია, განმარტა, რომ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე „კვარა“ მას გაუპატიურებით დაემუქრა და სამედიცინო ხელთათმანით ხელი შარვალში ჩაუცურა“, ასევე განმარტა, რომ დაწესებულების თანამშრომლები სისტემატიურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.“
პროკურატურის განცხადებას „პუბლიკასთან“ საუბარში უპასუხა ადვოკატმა სალომე ჯანუაშვილმა:
„2025 წლის 21 დეკემბერს მოხდა ძალადობის ფაქტი, 29 დეკემბერს დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. 4 დღის წინ ვიყავი შეხვედრაზე, სადაც ჩაგვაყენეს საქმის კურსში, რომ დაინიშნა ექსპერტიზა. 4 დღეში მიიღეს დასკვნა და წამობრივი გაშიფვრით მიიღეს გადაწყვეტილება. ამ შეხვედრაზე ჩვენ შევათანხმეთ, რომ უნდა გამოთხოვილიყო სხვა კადრები, როგორ ჩაჰყავდათ სხვა დროს გიორგი დავითაძე იგივე დეესკალაციის ოთახში, სხვა პატიმრები როგორ გადაჰყავდათ. ბევრი საკითხი იყო დასმული, რასაც პასუხი არ გასცემია გამოძიებით. მე ჯერ დოკუმენტი არ წამიკითხავს და არ ვიცი, მაგრამ რაც აქ წერია, ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს.
ჩვენ აუცილებლად ვრჩებით სამართლებრივ ბრძოლაში და ეს საქმე აუცილებლად დატოვებს საქართველოს ფარგლებს და წავა სტრასბურგში შემდგომ განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად.
სახალხო დამცველთან თუ არ უხსენებია გაუპატიურება, მაშინ რაზე დაიწყო გამოძიება? ამ კითხვაზე ვინმეს შეუძლია, პასუხი გამცეს? აბა რაზე მიმართა სახალხო დამცველმა პროკურატურას, რის გამოძიებისთვის მიმართა, რა უნდა გამოეძიებინათ? როგორც ინტერვიუში გამარტა [იოსელიანმა], სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მივმართეო. გამორიცხულია, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ იწყება გამოძიება… მაშინ 29 დეკემბერს რა ფაქტზე დაიწყო გამოძიება?
სექსუალური ძალადობის მსხვერპლს სთხოვენ, რომ ძალადობის მერე დარჩეს სრულ სამართლებრივ რეჟიმში და იმ სუბკულტურაში, პატიმრების გვერდზე და იმ ადამიანების გვერდზე, ვინც ეს განახორციელეს, დალაგებული სიმართლე მოუყვეს გამოძიებას? უკან რატომ უბრუნდება ეს? ეს სრულიად წარმოუდგენელი და არაკომპეტენტური განცხადებებე“,- უთხრა სალომე ჯანუაშვილმა „პუბლიკას“.