კობახიძე: ევროპელმა ლიდერებმა მიგვანიშნეს, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში გეოგრაფიამაც შეუშალა ხელი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ყველა გაზომვადი პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას, „თუმცა ისიც გვესმის, რომ ევროკომისია და ევროსაბჭო იღებს პოლიტიკურ და არა ექსპერტულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინარულ პოლიტიკურ ვითარებაში კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა“, – ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილება შეაფასა.

მისი თქმით, უკრაინა ომის გამო სტატუსის მიღებას იმსახურებდა. ასევე, უკრაინის ომის გამო ზიანი მიადგა მოლდოვასაც და მასაც უნდა მიეღო წახალისება. „ვულოცავთ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღებას“, – განაცხადა კობახიძემ.

„რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წელი ელოდა და მოხარულნი ვართ, რომ ოფიციალურად აღიარა ეს ევროკომისიამ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა.

როგორც ევროპელმა ლიდერებმა მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიამაც შეუშალა ხელი. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მიღების გაჭიანურების საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი არავითარ ფინანსურ და მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს ქვეყანას, სტატუსზე უარი ამ ეტაპზე ჩვენთვის გულდასაწყვეტია, თუმცა გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14, მით უმეტეს 30, წლის წინ გაღებულ სისხლს და და 300 ათას დევნილს ევროპელი პარტნიორებისთვის აქტუალობა აქვს დაკარგული“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცის კიდევ უფრო გასამყარებლად, მშვიდობის დასაცავად და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს.

LB loan image desktop LB loan image mobile