რას შეცვლის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ან მასზე უარის თქმა საქართველოსთვის

2020 წელს საქართველოს ხელისუფლებამ აქტიური კამპანია წამოიწყო, რომ ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს პოზიტიური მოლოდინით შეიტანდა. თუმცა, წელს ვითარება მოულოდნელად შეიცვალა და უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და კიევის მიერ განაცხადის გაკეთების შემდეგ 3 მარტს „ქართულმა ოცნებამაც“ შეავსო ევროკავშირის აპლიკაცია.

თუმცა, ევროკავშირთან დაჩქარებული ინტეგრაციის მიმართ ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი სკეპტიკური მოსაზრება ჩნდება. ევროპული ქვეყნების ლიდერებს მკაფიოდ არ დაუჭერიათ მხარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპარლამენტმა კი ცოტა ხნის წინ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სკეპტიკური მოსაზრებებით შეხვდნენ პოლიტიკის სპეციალისტებიც, მათ შორის ბრიუსელში.

ამ ყველაფერმა ხელისუფლებისადმი კრიტიკა გაზარდა. მმართველმა გუნდმა კი პირიქით, კრიტიკის მიღების ნაცვლად, ევროპული მომავლის საბოტაჟის ბრალდებით ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის დადანაშაულება, ასევე ევროპარლამენტარების კრიტიკა დაიწყო. ამასთან, მმართველ გუნდში ევროსკეპტიკური მოსაზრებებიც გაჟღერდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, რა იქნება ფასი ქვეყნისთვის, თუკი ევროკავშირი უარს იტყვის მის მინიჭებაზე და რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ საქართველო ახლა უკეთეს პოზიციაში ყოფილიყო? „პუბლიკა“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელს, სონია შიფერსს და ბრიუსელში დაფუძნებული Think Tank ორგანიზაციის, CEPS-ის მეცნიერ-თანამშრომელს თინათინ ახვლედიანს ესაუბრა.

რა მნიშვნელობა აქვს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის?

სონია შიფერსი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ევროპული მომავლის დადასტურებაა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციის გზაზე.

„კანდიდატის, ან პოტენციური კანდიდატის სტატუსს, ევროპული პერსპექტივის დადასტურებას, პირობებით თუ პირობების გარეშე, ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ექნება. რადგან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, სად იდგა ევროკავშირი და საქართველო ამ საშინელ ომამდე სულ რამდენიმე თვის წინ“, – ამბობს შიფერსი და დასძენს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივა არასდროს ყოფილა გაცხადებული.

„ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა არასოდეს მიუცია. ასე რომ, ვფიქრობ, ევროპულ პერსპექტივასაც კი ექნებოდა სიმბოლური მნიშვნელობა, უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა, მაგრამ იმედი მაქვს, საქართველო ამაზე მეტს მიიღებს“, – ამბობს ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელი „პუბლიკასთან“.

სონია შიფერსის მოსაზრებას იზიარებს CEPS-ის მკვლევარი თინათინ ახვლედიანი. ის „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი გამოკვეთს საბოლოო მიზანს ევროინტეგრაციის გზაზე, როგორ უნდა გაგრძელდეს და რა უნდა იყოს მისი შედეგი.

„ეს მიზანი ნათლად არ არსებობდა, დოკუმენტებში არსად არ იყო ხოლმე აღნიშნული, რომ ეს ემსახურება, ვთქვათ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას. კანდიდატის სტატუსი იქნება პირველი ხელჩასაჭიდი რამ უფრო მოცემულობა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას.

ამ კუთხით, პოლიტიკურად ეს იქნება ევროკავშირის, ისევე როგორც საქართველოს, პოლიტიკური არჩევანის გაცხადების პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა. ამიტომ პოლიტიკური დატვირთვა ამის არის ძალიან დიდი“, – ამბობს თინათინ ახვლედიანი.

თუმცა, თუკი სტატუსის სიმბოლურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე პოლიტიკურ წრეებშიც საუბრობენ, იმის გამო, რომ მას არ აქვს პირდაპირი პრაქტიკული ინსტრუმენტები, მმართველ გუნდში რამდენჯერმე განაცხადეს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოიტანს ხელშესახებ ცვლილებას და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ასე არ ფიქრობენ „პუბლიკის“ რესპონდენტები. თინათინ ახვლედიანი და სონია შიფერსი ამბობენ, რომ სიმბოლურთან ერთად კანდიდატის სტატუსს პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს.

„პოტენციური კანდიდატის, ან კანდიდატის სტატუსი, შესაძლოა ნიშნავდეს ხელმისაწვდომობას ახალ ფონდებზე, გაწევრების წინმსწრებ ინსტრუმენტებზე, რომლებზეც აქვთ წვდომა კოსოვოსა და ბოსნიას, თუმცა არც მათ აქვთ სრულფასოვანი კანდიდატის სტატუსი“, – ამბობს სონია შიფერსი.

თინათინ ახვლედიანი კი დასძენს, რომ კანდიდატის სტატუსი ფინანსურ სარგებელთან ერთად გაზრდის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში ევროკავშირის მონაწილეობასაც.

„პრაგმატულად კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მეტ დახმარებას გაუწევს საქართველოს და მეტად მობილიზდება საქართველოს მიმართულებით როგორც ფინანსური, ისე კონსულტაციური და ინსტიტუციური მიმართულებით.

ანუ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ამას მოჰყვება მხარდაჭერის გაზრდა და ევროკავშირის მეტი მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში“, – ამბობს თინათინ ახვლედიანი.

რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს?

როგორც თინათინ ახვლედიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, ახლა არის უნიკალური შანსი, შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც საქართველოსთვის უკრაინამ გახსნა. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, რთულად წარმოსადგენია, როდის დადგება ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგში.

„თანაც, ამის ფონზე საქართველოში არის პოლიტიკური რადიკალიზაცია. გვაქვს რეგრესი ბევრი რეფორმის კუთხით, დემოკრატიის მიმართულებით. ამიტომ, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, რეალურად ამ მიმართულებებით რეფორმების  გატარების წნეხს შეამცირებს და თუ ეს წნეხიც შემცირდა, ქვეყანა შეიძლება მოხვდეს ჩაკეტილ წრეში.

რეფორმების კუთხით ტემპის კლება, შემდეგ წნეხის შემცირება და თუკი ისიც არ გვეცოდინება, კიდევ როდის დააყენებს ევროკავშირი დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს საქართველოს მომავალს ძალიან ბუნდოვანს გახდის“, – ამბობს თინათინ ახვლედიანი.

სონია შიფერსი დასძენს, რომ თუნდაც პოტენციური კანდიდატის სტატუსი ამ მოცემულობაში დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ საქართველოსთვის დამღუპველი იქნება, თუკი ის ამ მომენტში ევროკავშირისგან ვერაფერს მიიღებს – ვერც კანდიდატის სტატუსს და ვერც ევროპული პერსპექტივის დადასტურებას. სონია შიფერსის თქმით, ეს ხელს შეუწყობს იმედგაცრუებას საზოგადოებაში, რითაც შეიძლება პრორუსულმა ჯგუფებმა ისარგებლონ.

„თუ ევროკავშირი სრულიად უარს ეტყვის საქართველოს განაცხადზე, ეს საშინელება იქნება და, სავარაუდოდ, უამრავ იმედგაცრუებას გამოიწვევს, რადგან ქართული საზოგადოება ძალიან პროევროპულია. საქართველო არის ევროპული ქვეყანა, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყანა, რომელიც აღიარებულია ასოცირების ხელშეკრულებით. და მე ნამდვილად არ ვიცი, რატომ არ უნდა მისცეს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – ამბობს სონია შიფერსი.

მაგრამ შიფერსი ფიქრობს, რომ სრულფასოვანი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი საქართველოს ნაკლებად აქვს. ეს უფრო მეტად იქნება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით ან პოტენციური კანდიდატის სტატუსი. საქართველოში კი, მისი თქმით, ამ ყველაფერს გამარტივებულად უყურებენ.

„სამწუხაროდ, საქართველოში დისკუსია მიმდინარეობს ან სრული კანდიდატის სტატუსის ან არაფრის მიღების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გამარტივებულია [მიდგომა]. თუ სრულფასოვანი კანდიდატის სტატუსზე უარი იქნება, არსებობს საშიშროება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინოს მისი ინსტრუმენტალიზაცია ოპოზიციის წინააღმდეგ, ისინი დაადანაშაულოს ამისთვის ხელის შეწყობაში.

ასევე ამის ინსტრუმენტალიზებას შეეცდებიან პრორუსული ჯგუფებიც, დაიწყებენ მტკიცებას – ხომ ხედავთ, მათ არ ვუნდივართ ევროკავშირში და მხოლოდ ეს, პოტენციური კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.

მაგრამ ამა თუ იმ სახით, და მე იმედი მაქვს, რომ არ ვარ გულუბრყვილო, მე მაქვს მეტი ნდობა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომლის 82% ევროკავშირში გაწევრების მომხრეა და მართლა არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ თუკი ევროკავშირი სწორად მიაწვდის ამას [საზოგადოებას], ასევე ოპოზიცია და მედია, მე ვგულისხმობ პასუხისმგებლიან მედიას, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებრივი აზრის სრულ შეცვლას გამოიწვევს

ამიტომ შესაძლებელია გაიზარდოს პრორუსული განწყობები საზოგადოებაში, მაგრამ ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იქნება ევროკავშირის მხრიდან კომუნიკაციის ფორმაზეც“, – ამბობს შიფერსი.

რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის უკეთესი პოზიციისთვის?

ევროპელი პოლიტიკოსების ბოლო დროინდელმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაამყარა პოლიტიკის სპეციალისტების მოსაზრებები, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს უკრაინისა და შესაძლოა, მოლდოვისგან განსხვავებითაც. არადა, რამდენიმე წლის წინ საქართველო ასოცირებული ტრიოს წამყვან ქვეყნად მოიაზრებოდა. სწორედ ამას უსვამენ ხაზს დღეს მმართველ გუნდშიც, როცა ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოლდოვასა და უკრაინაზე მეტადაც კი ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი.

მაშ, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ახლა ქვეყანა ბევრად მყარი პოზიციით ელოდებოდეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას?

თინათინ ახვლედიანი განმარტავს, რომ მართალია, საქართველომ ბევრი რეფორმა გაატარა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული ქვეყანამ დემოკრატიის კუთხით უკუსვლა დაიწყო.

მისი თქმით, 4-წლიანი რეგრესი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ  განაცხადის გაკეთების შემდეგ საქართველოს მაინც შეეძლო, რომ დაენახვებინა ევროკავშირისთვის, რომ ის კვლავინდებურად ევროპული ფასეულობების ერთგულია. ამ დროს კი ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, სახალხო დამცველის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ნიკა გვარამიას დაპატიმრებით.

„პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების ამ მომენტში მიღება რეალურად ევროკავშირში ისე იქნა აღქმული, რომ საქართველოს მთავრობა განაცხადს არ იღებს სერიოზულად, რომ ეს იყო ჩვენი საბოტაჟი, ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადების საბოტაჟი. კონკრეტულად ამ საკითხის გადადება მარტივად შეიძლებოდა“, – ამბობს ახვლედიანი.

CEPS-ის მკვლევარი საქართველოს პოზიციების შესუსტების სხვა მიზეზებსაც გამოყოფს – ესაა ევროპულ წრეებში ხელისუფლების მხრიდან ლობირების შესუსტება და ევროპარლამენტარების მიმართ არც მაინცდამაინც სახარბიელო დამოკიდებულება.

„არ მოხდა საქართველოს ინტერესებისა და პოზიციების სათანადო სიხშირით, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში დაყენება ბრიუსელში. სათანადო სიხშირით არც ვიზიტები დაგეგმილა და არც საქართველოს ლობირება მომხდარა ევროკავშირის დედაქალაქში. იმიტომ, რომ ჩვენი ენერგია მოხმარდა შიდა დაპირისპირებებს.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის წევრების მიმართ დაფიქსირდა შეურაცხმყოფელი კომენტარების პრეცედენტი. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც არ უნდა გაკეთებულიყო. საქართველოს არ უნდა გაეკეთებინა ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება“, – ამბობს თინათინ ახვლედიანი.

სონია შიფერსი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ არ იყო მართებული მმართველი გუნდის მხრიდან იმაზე მითითებაც, რომ დემოკრატიის, კორუფციის, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით პრობლემები  ევროკავშირის შიგნითაც არსებობს.

მისი თქმით, მართალია ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ეს გამოწვევები რჩება, მაგრამ გაერთიანება წარსულ შეცდომებზეც სწავლობს და ახლა, მისი აზრით, გაფართოებისას მეტი ყურადღება მიექცევა კოპენჰაგენის კრიტერიუმს, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირში გაწევრების მსურველმა ქვეყანამ. მათ შორის დემოკრატიის განვითარების მხრივ.

საქართველოს მხარდამჭერი კი ევროპაში პოლონეთის მმართველი გუნდია, რომელიც სხვებისგან განსხვავებით კოპენჰაგენის კრიტერიუმს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს, საქართველოს პოზიციას კი ასუსტებს და დემოკრატიის კუთხით მკაფიო პოზიციის გარეშე, უბრალოდ მითითება, რომ ევროკავშირშიც არსებობს პრობლემები და საქართველოსაც უნდა დაუთმონ, არ იმუშავებს.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირში ძირითადი ფოკუსი ისედაც უკრაინაზე იყო, იქ მიმდინარე ომის გათვალისწინებით. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დისკუსიებიც, ძირითადად, უკრაინის გარშემო მიმდინარეობდა.

მოლდოვასა და საქართველოს კი უნდა ემუშავათ ამ მიმართულებით, რომ თავიანთი პოზიცია განემტკიცებინათ. შიფერსის შეფასებით, მოლდოვამ ეს შეძლო, საქართველომ კი – ვერა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მოლდოვამ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი დემოკრატიული, პროევროპული არჩევნების ჩატარებით და იმით, რომ სერიოზულად მოეკიდნენ რეფორმების განხორციელებას. ჩვენ ახლა გვესმის ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებები, რომ მოლდოვა ევროკავშირისკენ ისწრაფვის და მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში ყველაფერი იდეალურად არ არის, ისინი ამას აღიარებენ და აცხადებენ, რომ ცდილობენ წინსვლას, თვითკრიტიკულები არიან.

ეს არის სწორედ მთავარი პრობლემა: საქართველოს ხელისუფლება ამ მომენტში სრულებით არაა თვითკრიტიკული. ისინი უარყოფენ ნებისმიერ კრიტიკას და უარს აცხადებენ ნებისმიერი ისეთი საკითხის გადაწყვეტაზე, რომელიც მათ ძალაუფლებას შეარყევს. მაგალითად, სასამართლოს ძირეული რეფორმა და მისი პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლება. 19 აპრილის შეთანხმებასთან დაბრუნება, რომელიც მათ დატოვეს“, – ამბობს შიფერსი.

სონია შიფერსის თქმით, ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელში იყო, მათ უნდა შეეცვალათ რიტორიკა, დაჰბრუნებოდნენ რეფორმების კურსს და გაეაზრებინათ, ეღიარებინათ თავიანთი პრობლემები. ამ შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან დამოკიდებულებაც სრულიად სხვა იქნებოდა. ასეთი უნდა ყოფილიყო იმ პოლიტიკოსების დამოკიდებულება, ვისაც რეალურად სურს ევროკავშირში შესვლა და არამხოლოდ განცხადებების დონეზე.

„ამის ნაცვლად, მმართველ გუნდში ადანაშაულებენ ევროკავშირს და თავიანთი განცხადებებით თითქოსდა მის დაშანტაჟებას ცდილობენ, რომ თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემთ, ამით მხოლოდ რუსეთი მიიღებს სარგებელს. ეს ძალიან გამარტივებული შეფასებაა. რა თქმა უნდა, ამ უარით კრემლი ბედნიერი იქნება, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი საკითხი, როცა საქმე ევროკავშირის გაფართოებას ეხება“, – დასძენს სონია შიფერსი „პუბლიკასთან“.