კობახიძე: გადავწყვიტეთ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილი მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, რადგან საჭიროა 100 დეპუტატის მხარდაჭერა და „რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე შეუძლებელია“, მაინც გადაწყვიტეს იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ.

„პოლიტსაბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ესაა ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების, მათ შორის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ არის მიმართული. იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის ხელმოწერები და საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი წარდგინება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.


პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს, დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ ბოლო პერიოდში 10 ქვეყანაში ოფიციალური თუ სამუშაო ვიზიტის განხორციელებაზე უთხრა უარი.

ამის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს ბერლინში ჩავიდა და გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა.