ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროების მოთხოვნაზე პასუხად ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გამჭვირვალე გახდეს, თუ ამას ევროკავშირის წესები და სტანდარტები ითვალისწინებს. „ამაზე ევროკავშირის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გვექნება“.
რაც შეეხება კითხვარის შევსებაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას, მან განაცხადა, რომ კითხვარის შევსებაში ჩართული იქნება ყველა ის სუბიექტი, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით არის დაინტერესებული.
„რაც შეეხება ჩართულობას, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კითხვარი შეივსოს იმ პირთა, სუბიექტებისა და ორგანოების მიერ, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით და არა იმ სუბიექტების მიერ, რომლებიც ჩვენი წარუმატებლობით სუბიექტურად არიან დაინტერესებული. ჩვენ სხვადასხვა სუბიექტის მიმართ გვაქვს ეჭვები და კითხვები. ეს ეხება რადიკალურ ოპოზიციას და მის სატელიტებს იმ სექტორში, სადაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან წარმოდგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.