კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძალისხმევა დასრულდეს წარმატებით და მოგვენიჭოს სტატუსი

პუბლიკა

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სტრასბურგში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში.

მან დღეს ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და თქვა, რომ იმ ფონზე, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას პრემიერის ვიზიტს ბრიუსელში ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა.

„ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი ძალისხმევა დასრულდეს წარმატებით და მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტიკურ ჭრილში, აქედან გამომდინარე, უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ შეხვედრებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ რა თქმა უნდა, დეტალებთან დაკავშირებითაც გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის, იმ შეხვედრებზე, რომლებიც დახურულ კარს მიღმა წარიმართა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი“, – განაცხადა კობახიძემ. მის სრულ კომენტარს პროსამთავრობო არხი „იმედი“ ავრცელებს.