კობახიძე: ორგანიზატორები 5 ივლისის დანაშაულს არ ჰყავდა

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს ორგანიზატორები არ ჰყოლია და ეს იყო „სპონტანური ძალადობა და ამიტომ გაუჭირდა შსს-ს შესაბამისი რეაგირება“.

ირაკლი კობახიძის თქმით, 5-6 ივლისის დანაშაულისთვის ორგანიზატორების დასჯის მოთხოვნა სამართლებრივად დაბალი სტანდარტია.

„არ დგინდება არცერთი ფაქტი, რომ მოხდა დანაშაულის ორგანიზება. დანაშაულის ორგანიზება ეს არის სამართლებრივი კატეგორია. ორგანიზატორი არ იკვეთება. როცა ვიღაცები საუბრობენ იმაზე, რომ ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან, სამართლებრივად ვინ იყო ორგანიზატორი.

…თუ, მაგალითად, ასეთ დაბალ სტანდარტს გავყვებით, რომელსაც თქვენ ითხოვთ, მაშინ დასაჭერი არის გიორგი ვაშაძე, 7-8 მარტის აქციების გამო და დასაჭერები არიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. მათაც მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, ალყა შემოერტყათ პარლამენტისთვის, რამაც გამოიწვია ძალადობა. ეს არის დაბალი სტანდარტი და ძალიან სარისკოა ეს დაბალი სტანდარტი, სამართლებრივი თვალსაზრისით.

ორგანიზატორები 5 ივლისის დანაშაულს არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს არის სამართლებრვი მოცემულობა. თუ რამეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი, მაგრამ… დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს რას – მაგალითად, კოკა მორგოშიას რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, რომ წადი  ამა და ამ ადგილას და, მაგალითად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამა და ამ ადამიანებს… არა, ეს მოწოდება არ იყო. ასეთი არ იყო… არა, არ იყო. თუ მორგოშია დასაჭერია, როგორც ორგანიზატორი, მაშინ ვაშაძე კიდევ უფრო დასაჭერია, თუ დაბლა დავწევთ სტანდარტს

სპონტანური ძალადობა იყო 5 ივლისს და ამიტომ გაუჭირდა შსს-ს შესაბამისი რეაგირება. რთული იყო მოვლენების პროგნოზირება“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ სახელმწიფო მობილიზებულია და დაიცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

იხილეთ „პუბლიკის“ ვიდეო არქივიდან, როგორ უწევდნენ ორგანიზებას 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობას ჰომოფობიური, პრორუსული, ძალადობრივი და ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ წევრები: